
"აიღოს "ქართულმა ოცნებამ" პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე", - ამ მოწოდებით, 15:00 საათზე, ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ ჟურნალისტები მდუმარე აქციას გამართავენ.
მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ტერორსა და რეპრესიებს გააპროტესტებენ.
მე-11 დღეა საქართველოში არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ და ძალადობრივ პოლიტიკას აპროტესტებენ. პროტესტმა მოიცვა თბილისი და რეგიონები. ივანიშვილის სპეცრაზმი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ძალადობრივად უსწორდება. დაკავებულია ასეულობით მომიტინგე. ოლიგარქის სასამართლოში კი ყოველდღიურად ათობით პროცესი იმართება. ძალადობრივი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა მედია. ნაცემი და დაშავებულია ათეულობით ჟურნალისტი და ოპერატორი. რამდენიმე მათგანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ბოლო შემთხვევა კი 7 დეკემბერს, ღამით თბილისის ცენტრში, ბესიკის ქუჩაზე მოხდა, TV პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას შავებში ჩაცმული, ნიღბიანი უცნობი პირები პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.