თბილისთან ერთად მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობასა და ტერორს აპროტესტებენ საქართველოს დიდ ქალაქებშიც. გორელმა ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა პროტესტის ნიშნად გორის პოლიციის შენობასთან სიმბოლურად თავისი სამუშაო აპარატურა დაალაგეს. მედიის წარმომადგენლებმა ამ ქმედებით მოსთხოვეს პასუხი შსს-ს იმ პროცესებზე რაც ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ხორციელდება.
მე-11 დღეა საქართველოში არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ და ძალადობრივ პოლიტიკას აპროტესტებენ. პროტესტმა მოიცვა თბილისი და რეგიონები. ივანიშვილის სპეცრაზმი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ძალადობრივად უსწორდება. დაკავებულია ასეულობით მომიტინგე. ოლიგარქის სასამართლოში კი ყოველდღიურად ათობით პროცესი იმართება. ძალადობრივი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა მედია. ნაცემი და დაშავებულია ათეულობით ჟურნალისტი და ოპერატორი. რამდენიმე მათგანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ბოლო შემთხვევა კი 7 დეკემბერს, ღამით თბილისის ცენტრში, ბესიკის ქუჩაზე მოხდა, TV პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას შავებში ჩაცმული, ნიღბიანი უცნობი პირები პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.