ემიგრანტების დიდ ნაწილს უკვე მერამდენე თვეა ძირითადი სამსახურის გარდა მეორეც - ქვეყნის სამსახურიც აქვთ შეთავსებული. უნდათ, რომ ყველგან და ყველა გზით ხმა მიაწვდინონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოში არჩევნები მიიტაცეს, რომ საქართველოში ხალხი ევროპისთვის ყოველ დღე იბრძვის. პარიზი ამ სახალხო-დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი ეპიცენტრია.
ფრანგული საზოგადოება დღეს იმაზე უფრო მეტად აქტიურია ვიდრე ოდესმე. ყოველდღიურად მედია აკვირდება და აშუქებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხვდება კოლეგებს და მიტაცებული არჩევნების კვალდაკვალ ახალი არჩევნების მხარდაჭერის აუცილებლობაში არწმუნებს დასავლურ საზოგადოებას. ის, რომ არჩევნების ჩატარება ქართველებს თავისუფლად და გამჭვირვალედ შეგვიძლია - წლევანდელ არჩევნებზე ყველაზე მკაფიოდ, სწორედ იმ უბნებზე გამოჩნდა, რომლებიც ქვეყნის გარეთ იყო გახსნილი. არასდროს, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამხელა აქტივობა და ინტერესი ემიგრაციას არჩევნების მიმართ არ გამოუხატავს.
რუსთაველის გამზირის დღევანდელი საპროტესტო მუხტის გამოძახილი თითქმის თვე-ნახევრის წინ, ივანიშვილის რუსული და ახლა უკვე არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ არჩევნების უზურპაციით დაიწყო. არჩევნების გაყალბების პრევენცია მოხერხდა ყველგან, სადაც "ქართული ოცნების" ხელმა ვერ ჩააღწია - ანუ საზღვარგარეთ. ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა უფლება თავისუფალ არჩევანზე ოლიგარქმა რუსულად მიიტაცა. თუმცა ქვეყნის გარეთაც, "ოცნების" რუსულ რეჟიმს მცდელობა არ დაუკლია იმისთვის, რომ საარჩევნო ყუთთან რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მისულიყო. ეს ასე არ მოხდა, რადგან ემიგრანტებმა ჩამოაყალიბეს მოძრაობა "ერთი მოქალაქე, ერთი არჩევანი" და რამდენიმე თვის განმავლობაში თითოეული ხმისთვის ბრძოლა მთელი ევროპის მასშტაბით მიდიოდა.
ემიგრანტების დიდი ნაწილი დღეს რუსთაველზე, ქვეყნის სამსახურში დგას. ის ვინც ვერ ჩამოვიდა ქვეყნის სამსახურში ქვეყნიდან შორს აგრძელებს ბრძოლას.
ქვეყნის სამსახურში, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით დღეს ასობით, ათასობით და ათიათასობით ქართველი დგას. თბილისი იქნება ეს თუ პარიზი, ლონდონი, ბრიუსელი, სტრასბურგი, ბერლინი , რომი , ნიუ-იორკი და ნებისმიერი სხვა ქალაქი, სადაც ერთი ქართველი მაინც ცხოვრობს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის უწყვეტად გრძელდება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.