"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგამოძიებო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მას და სხვა პოლიტიკოსებს, არამედ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს უნდა იბარებდეს, როგორც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს.
"ქვეყანაში არის ქაოსი და ამ ქაოსს აქვს სახელი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ გვაძლევს ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას. სანამ ამ ადამიანს არ მოვიშორებთ, ჩვენ არ გვიწერია, არც სიმშვიდე, არც ნორმალური ცხოვრება და არც ევროკავშირში ინტეგრაცია. მუდმივად ამ ქაოსის მსხვერპლი ვიქნებით. მისი და ჩვენ ინტერესი განსხვავდება ერთმანეთისგან, მას უნდა ბევრი ფული აკეთოს და ძალაუფლება მიიტაცოს, ჩვენ გვინდა ნორმალურად და ადამიანურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში.
გუშინ მე მივიღე გაუგებარი ფურცელი შსს-სგან. მინდა მივმართო შს მინისტრ გომელაურს, სახელის და გვარის დაწერა შეგეშალათ, ჩემი სახელი და გვარი წერია და უნდა ეწეროს ბიძინა ივანიშვილი. ზეპირად რომ მითხარით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ამის ორგანიზატორი არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და კობახიძე? ისინი გასცემენ პოლიტიკურ დავალებებს, რომლის გამოც სპეცრაზმი თავ-პირს ამტვრევს ადამიანებს, აორგანიზებენ ტიტუშკებს, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს. არიან თუ არა დაბარებული დაკითხვაზე ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა შესაბამისი უწყება ვაშაძეს გუშინ საღამოს ჩააბარეს.