თუ დაგაკავეს | რა უნდა ვიცოდეთ ოლიგარქის რეჟიმის რეპრესიების დროს

გამოქვეყნდა:

ბოლო 12 დღის განმავლობაში ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების რიცხვი საათობრივად იზრდება. დაჭერილი ახალგაზრდების უმრავლესობა სასტიკად ნაცემია და ივანიშვილის პოლიციის მხრიდან მიყენებული დაზიანებების კვალი თითოეულ მათგანს აღენიშნება. დაკავების პარალელურად სახელმწიფო კანონის გვერდის ავლით მოქმედებს, ამიტომ იურისტები საზოგადოებას  დეტალურად აცნობენ ინფორმაციას თუ როგორ მოიქცნენ რეჟიმის პირისპირ დარჩენილები.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა აამუშავეს ცხელი ხაზი. ნებისმიერ დაკავებულს შეუძლია უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლოს. აუცილებელია მოქალაქეებმა დარეკონ ნომერზე - 577 07 05 63. დაკავებულ პირს დროულად გაუწევენ იურიდიულ დახმარებას. პირველი და ყველაზე მთავარი რაც დაკავებულებმა უნდა მოიქმედონ შემდეგია- მოითხოვონ ზარის უფლება და შეატყობინონ ადგილსამყოფელი ადვოკატს ან ახლობელს, რომელიც დაკავებულის მონაცემებს ცხელს ხაზს გადასცემს. თუ სახელმწიფო კანონს არღვევს და დაკავებულს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ანუ დარეკვის საშუალება არ ეძლევა, ასეთ ვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები თავად იწყებენ დაპატიმრებულის ადგილსამყოფლის გარკვევას. ამიტომ მნიშვნელოვანია დაკავებულის ახლობელმა ცხელ ხაზზე დატოვოს შეტყობინება და დააფიქსიროს რომ კონკრეტული პირი დააკავეს.

ასევე ადვოკატის მოსვლამდე, დაკავებულმა არცერთ შემთხვევაში ხელი არ უნდა მოაწეროს საგამოძიებო უწყების მიერ შედგენილ ოქმს, რადგან მასში ჩაწერილი დებულებები შესაძლოა ბრალდებულის წინააღმდეგ გამოიყენონ. იურისტები თავად ადასტურებენ, რომ ხშირ შემთხვევაში შედგენილი ოქმები გაყალბებულია და არ ასახავს რეალობას. ოქმზე ხელმოწერა არ არის სავალდებულო, შესაბამისად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება უარი თქვას გამომძიებლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის ხელმოწერაზე. ამასთან ერთად, რეკომენდებულია დაკავების პროცესში თვითმხილველების მიერ პროცესის გადაღება  და შემდგომ ამ მასალის სასამართლოში წარდგენა.

მიუხედავად იმისა რომ ყველა სახელმწიფო უწყება რეჟიმის მიერ კონტროლირებულია, მაინც აუცილებელია მაქსიმალურად ბევრი სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დანაშაულები ფორმალურად დაფიქსირდეს. თუ ე.წ. სამართალდაცვები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას აქვს უფლება მოითხოვოს სამედიცინო დახმარება და კლინიკაში გადაყვანაც. ასევე ყველას შეუძლია, საგამოძიებო სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატში სარჩელის შეტანა.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს არ ინდობს და კანონის გვერდის ავლით, სასტიკი მეთოდებით ჯერ ივანიშვილის პოლიცია უსწორდება შემდეგ კი პოლიტიკურ ორგანოდ ქცეული სასამართლო ხელისუფლებისთვის მისაღებ ვერდიქტს მტკიცებულებების უგულებელყოფით აცხადებს. ასობით დაჭერილი და რეპრესირებული მოქალაქეების პარალელურად, ამ დრომდე სახელმწიფოს არც ერთი მოძალადე პოლიციელი არ დაუკავებია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი