ასადის რეჟიმს გაქცეული სირიელები სამშობლოში ბრუნდებიან

გამოქვეყნდა:

ლიბანისა და თურქეთის საზღვართან რიგებია - ათასობით სირიელი ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება. მედიის ინფორმაციით, მცირეა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც პირიქით, ქვეყანას არეულობის შიშით ტოვებენ. 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, რომ თუ სირიაში პოლიტიკური სტაბილურობა დადგება, 2025 წელს მოსალოდნელია  სირიის იმ მოქალაქეების კიდევ უფრო მასიური დაბრუნება, რომლებიც სამოქალაქო ომისა და პოლიტიკური რეპრესიების გამო, ქვეყნიდან იყვნენ გაქცეულები.

სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება 2011 წლიდან დაიწყო, რის გამოც,  ქვეყანა დაახლოებით 6,7 მილიონმა ადამიანმა დატოვა. მათი უმეტესობა მოსაზღვრე ქვეყნებში ცხოვრობს. დაახლოებით 3,7 მილიონი სირიელი ლტოლვილი მიიღო თურქეთმა, მილიონამდე ლიბანმა და დაახლოებით ამდენივე იორდანიამ. ევროკავშირმა კი თავშესაფარი 1,3 მილიონ სირიელს მისცა 2015-2023 წლებში. მათი უმეტესობა - დაახლოებით 700 ათასი - გერმანიაში ცხოვრობს.

ნოემბრის ბოლოს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის  მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფები გააქტიურდნენ. მათ რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს. კვირას, 8 დეკემბერს ღამით, აჯანყებულებმა განაცხადეს, რომ სირიის დედაქალაქი დამასკო მათი კონტროლის ქვეშ იყო. ასადი ქვეყნიდან გაიქცა და რუსეთში თავშესაფარი მიიღო. აჯანყებულთა ლიდერები არჩევნების გზით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პირობას დებენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი