ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილების წინააღმდეგ პეტიციის ხელმომწერ თბილისის მერიის თანამშრომლებს "ევაჭრებიან, ემუქრებიან და საახალწლო პრემიის სანაცვლოდ" ხელმოწერის უკან გაწვევას სთხოვენ - ინფორმაციას ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრი, საბა ბუაძე ავრცელებს:
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის მერიაში, თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები პეტიციის 250-ზე მეტ ხელმომწერს ევაჭრებიან, ემუქრებიან და მათ სთხოვენ, რომ საახალწლო პრემიის სანაცვლოდ უკან გაიწვიონ ის ხელმოწერა, რომელიც მათ საქართველოს ევროპულ მომავალს დაუდასტურეს. ეს არის სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედება. ასევე, ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ პრემიების სრულად გაუქმება იგეგმება იმისათვის, რომ თბილისის მერიის და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს, რათა ადამიანები ერთმანეთს გადაკიდონ." ამბობს ბუაძე
ის თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს, მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა კალაძის მიერ დაანონსებულ რეპრესიებში, ასევე დანაშაულებრივ რეორგანიზაციაში და არ გახდნენ სისხლის სამართლის დანაშაულის თანამონაწილეები.