
სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 3 ახალი დადასტურდა. ინფიცირებულ პაციენტთა შორისაა წნორის თავშესაფრის ბენეფიციარიც.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული 70 წელს მიღწეული კაცია და სიმპტომები არ აღენიშნება. ტესტირება გაუკეთეს თავშესაფარში მცხოვრებ სხვა პირებსაც, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ - სწორედ ამიტომ, ეპიდემიოლოგიები ვარაუდობენ, რომ ბენეფიციარის ტესტის პასუხები არასწორია. ხელმეორე ტესტირების მიზნით, ინფიცირებული თბილისში გადაიყვანეს.
ვირუსის სავარაუდო შემთხვევის დაფიქსირების გამო, წნორის მოხუცთა თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული.
დღევანდელი მდგომარეობით, სიღნაღში კორონავირუსის დადასტურებული საერთო შემთხვევების რაოდენობა 5-ია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 148.