ამერიკულ ჰოსპიტალში პაციენტის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ აქვთ, თუმცა "მთავარი არხისთვის" ცნობილია რომ ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ამ კლინიკაში დაზიანებებით მიიყვანეს. წყარო გვიყვება, რომ ორგზის ექსპრემიერი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში შეიყვანეს და ადგილზე დაცვა გააძლიერეს.
ღარიბაშვილი რომ კლინიკაში ნამდვილად იმყოფებოდა ადასტურებენ ქართულ ოცნებაშიც, თუმცა ოლიგარქის პარტია მიზეზად საკუთარ ვერსიას ასახელებს. სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და ამერიკულ ჰოსპიტალში სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ყოფილი პრემიერის მსგავსად ოლიგარქის პარტიის კულუარებში მიმდინარე დინებების შესახებ ინფორმაცია ივანიშვილის სხვა ყოფილ თანამებრძოლებსაც აქვთ. ვითარება სახარბიელო არ არის. გუნდში დაპირისპირება პიკს აღწევს. წყარო მთავარს უყვება, რომ ღარიბაშვილი პარტიაზე განაწყენებულია და არაფორმალურად წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
საკუთარი პარტიის მიმართ პრეტენზიები აქვს თეა წულუკიანსაც. რეპრესიებით ცნობილ მინისტრს, რომელიც ჩამოალაბორანტეს და არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მეორე მოადგილედ დანიშნეს. ღარიბაშვილის და წულუკიანის წყენა მხოლოდ პირად ამბიციებს უკავშირდება, ამავდროულად გუნდში ცოტა თუმცა მაინც არიან ისეთებიც, ვინც ქვეყანაში არსებულ უმწვავეს კრიზისზე განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებს.
ოლიგარქს რთული ვითარება პარტიის მიღმაც აქვს. ყოფილი პრემიერის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გათავისუფლების მოთხოვნით 100-მდე თანამშრომელმა მიმართა, თუმცა გომელაური განცხადებას ხელს არ აწერს. ოლიგარქის გუნდმა კარგად იცის, რომ საჯარო მოხელეების ღია გამიჯვნა, მათი მმართველობის ჩამოშლას ნიშნავს.