საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლიგარქსა და საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს დღეს დილით დაურეკა. ემანუელ მაკრონისა და ივანიშვილის სატელეფონო აუდიენცია 1 საათს გაგრძელდა. ინფორმაცია "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში შექმნილი ვითარებით წუხს. ის რაც ოლიგარქიულმა რეჟიმმა განცხადებაში არ დაწერა, ელისეის სასახლიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოყვა. ემანუელ მაკრონმა სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა დაგმო, უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება მოითხოვა და გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ოცნებამ ევროპული გზიდან გადაუხვია.
ამის შემდეგ ოლიგარქიული რეჟიმი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთსაათიანი საუბრისას მართლაც დააყენა უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. დამატებით გავრცელებულ ინფორმაციაში, ამ დასტურის შემდეგ ოცნების ტრადიციული პროპაგანდა იწყება, რომ დაკავებულების უმეტესობა ადმინისტრაციულ პატიმრობაშია.
ემანუელ მაკრონმა არ დაურეკა თვითგამოცხადებულ პრემიერ ირაკლი კობახიძეს და პირდაპირ დაურეკა ბიძინა ივანიშვილს- ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა არა პრემიერს, მინისტრთა კაბინეტს ან სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. ოპოზიციისთვის საფრანგეთის პრეზიდენტის ივანიშვილთან აუდიენცია ღია გზავნილია, რომ ოლიგარქმა სტრატეგიული პარტნიორებისგან ბოლო გაფრთხილება მიიღო.
მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს მას შემდეგ დაურეკა, რაც პარიზში სამმხრივი შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის. ცნობილია ისიც, რომ ემანუელ მაკრონი ოლიგარქს რამდენიმე დღეში ისევ დაეკონტაქტება და ივანიშვილისგან მოისმენს რა ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის უკუსვლისა, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებისა და დემონსტრანტებზე ძალადობის შესაჩერებლად.
ივანიშვილისა და მაკრონის სატელეფონო, პოლიტიკური აუდიენცია იმ ფონზე შედგა, როდესაც ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც ოცნების რეჟიმის მაღალჩინოსნების დასანქცირების საკითხზე მუშაობენ.
სანქციებზე მუშაობს ევროკავშირიც. ყველაზე რეალური რაც დღის წესრიგში დგას ოლიგარქიული რეჟიმის მაღალჩინოსნებს, ვისაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ, შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლა აეკრძალოთ.
ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ხვალ საქართველოში ჩამოდის ექვსი ევროპარლამენტარი; დელეგაცია, სადაც ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები შედიან, შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან.