ევროპარლამენტის დელეგაცია, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები შედიან, საქართველოში იმყოფება და პირველ შეხვედრებს პროევროპული პარტიების წარმომადგენლებთან მართავს.
ევროპარლამენტარები შეხვედრებს გეგმავენ პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან. შეხვედრაზე მისულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ხაზი გაუსვეს შექმნილ ვითარებაში ევროპარლამენტის მხარდაჭერას და ევროპული სახელმწიფოების მხრიდან "ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას.
"დღეს შექმნილი ვითარება, ნებისმიერ ჩვენს პარტნიორს აიძულებს, რომ რეზოლუციები და მხარდამჭერი განცხადებები გადაითარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში. უნდა გავაცნობიეროთ შექმნილი ურთულესი ვითარება: ივანიშვილის ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაცია, სრული თანხმობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომ პარლამენტში არავინ შევიდეს, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ბლოკადა რეჟიმთან მიმართებაში. ეს არის ის 3 მოცემულობა, რომელსაც რეჟიმი ვერ გაუძლებს,"- განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.
პრაქტიკული ნაბიჯების მნიშვნელობაზე საუბრობენ, სხვა პოლიტიკური ლიდერებიც.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ არც პროევროპული ოპოზიციური პარტიები, არც ქვეყნის პრეზიდენტი და არც საერთაშორისო პარტნიორები.
არჩევნების შემდეგ არალეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ, ირაკლი კობახიძის ანტიევროპული გადაწყვეტილება ქვეყანაში მასშტაბური პროტესტის მიზეზი გახდა. გამოხატული პროტესტის გამო დაკავებულია ასეულობით ადამიანი. პროტესტის ფარგლებში და დაკავების შემდეგ საპოლიციო ძალების და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ე.წ ტიტუშკების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების გამო ასეულობით ადამიანია დაშავებული. მათ შორის რამდენიმე მძიმედ. დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.