ევროსტრუქტურებში "ქართული ოცნების" დელეგაციებს ლეგიტიმაციას უწყვეტენ | არასამთავრობოები

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილეს და სანქცირების პროცესზე ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, სანქციების ადრესატები მიანიშნებს იმაზე, თუ ვინაა პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე.

როგორც ყოფილმა დიპლომატმა გიგი გიგიაძემ აღნიშნა, მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაცია არც სამომავლოდაა მოსალოდნელი.

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, "ქართული ოცნების" აღიარება დასავლური დემოკრატიული სამყაროს მხრიდან წარმოუდგენელია.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ გეგმავს ქართული დელეგაციის ლეგიტიმურობის ცნობას, რომლის შემადგენლობაშიც ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან. 26-27 იანვარს ევროკავშირის წევრი, ასპირანტი და კანდიდატი ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის ლეგიტიმურობა შეწყვეტილია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ქართულ დელეგაციას არ მისცეს ვიზები" - განაცხადა ნინო ევგენიძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომ ეს არ შეეხოს ქართველ ხალხს და შეეხოს მხოლოდ პასუხისმგებელ პირებს.

"ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ამ კრიზისზე პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი. კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებულების გათავისუფლება, მათზე დევნის შეჩერება. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომ ეს არ შეეხოს ქართველ ხალხს და შეეხოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არიან ჩართულები ადამიანის უფლებების დარღვევებში, კორუფციაში, არჩევნების გაყალბებაში, სახელმწიფოს მიტაცებაში და ძირს უთხრიან ჩვენს სამშობლოს" -  განაცხადა ეკა გიგაურმა.

 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

  • "28 ნოემბრიდან დღემდე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების თუ კერძო პირების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდამჭერი  40-ზე მეტი განცხადება გაკეთდა. ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა გამოეხმაურა ევროინტეგრაციის შეჩერების გამო მიმდინარე პროტესტს. 

  • როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში კარგად არიან ინფორმირებულები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უმეტესად განცხადებები ეხება პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობას.

  • განცხადებებს აკეთებენ არა მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციები და პირები, არამედ სპეციალიზირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა Human Rights Watch, Amnesty International, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე და ა.შ.

  • ძირითადი აქცენტები კეთდება პრობლემურ არჩევნებზე, ქართული ოცნების მიერ  ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის ფაქტებზე, ჟურნალისტებზე მიზანმიმართულ თავდასხმებზე. ყველა მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ძალადობა და გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებულები. ევროკავშირის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელი კაია კალასი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა სასტიკად დაგმო. ამას მოჰყვა მსგავსი შინაარსის განცხადებები თითქმის ყველა ევროპული სტრუქტურიდან (ეუთო, PACE, ევროპარლამენტი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები). ამ განცხადებებში ხაზგასმულია მხარდაჭერა ქართველი ხალხის და მათი ევროპული მისწრაფების მიმართ და საუბარია მოსალოდნელ სანქციებზე მათთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. 

  • ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიებიდან ქართველ ხალხს თავიანთ ერთობლივ განცხადებებში ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებენ, შეშოთებას გამოხატავენ ქართული ოცნების ძალადობის გამო და მათთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ქართული ოცნების პროპაგანდისტული გზავნილები, რომ ქართველ ხალხს არ ექნება მხარდაჭერა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პირობებში, არის ტყუილი.

  • უკანასკნელ პერიოდში  ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ დაასანქცირა: ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილეები - შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (“ხარება”) და მისი მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე. რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.

  • სანქციები ასევე დააწესა უკრაინამ. უფრო კონკრეტულად, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების გამო უკრაინამ მკაცრი ფინანსური სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების 18 მათალჩინოსანს ან მათთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის: კახა კალაძეს, ირაკლი კობახიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, ვახტანგ გომელაურს და სხვებს.

  • სანქციები გამოაცხადა კანადამაც. ამ შემთხვევაში სამართალდამცავი პირებისთვის და მაღალჩინოსნებისთვის სავიზო აკრძალვის გარდა, განიხილება სხვა ტიპის სანქციებიც. ამ ეტაპზე კანადის მხარე კოორდინირდება ევროკავშირის წევრ სახელმნწიფოებთან და შეერთებულ შტატებთან.  

  • აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება მოითხოვა, ქართულ ოცნებას კი “არალეგიტიმური რუსი მარიონეტები” უწოდა, რომლებიც თავს ესხმიან ქართველ ხალხს.

  • სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და რამდენიმე წევრი (აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორი ჯონ კორნინი) მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს გამოიყენონ სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტში მიდის მუშაობა კონკრეტული პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ მიანიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. ეს იმას ნიშნავს, რომ დასანქცირების საკითხი დროის ამბავია იმ კონკრეტული პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევებში და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს.  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დაფნა რენდიმ დაადასტურა, რომ სანქციების საკითხი მაღალ დონეზე განიხილება.

  • გაერთიანებული სამეფო წყვეტს დახმარებას და თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, გმობს ქართული ოცნების მიერ პროტესტის სასტიკ ჩახშობას.

  • ევროკავშირი განიხილავს დამატებით ზომებს 16 დეკემბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე. საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართული მაღლაჩინოსნების დასანქცირებაზე ან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვაზე. ამ საკითხის განხილვა არის ხელისუფლების მაღალჩინოსნების დელეგიტიმაცია. ევროკავშირის არ აღიარებს მათ სტატუსს. 

  • დღეს საქართველოში ვიზიტად იმყოფებიან ევროპარლამენტის წევრები. მოსალოდნელია უკვე დეკემბერში რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი. 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ცალსახაა, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და კონკრეტულად ადამიანის უფლებების მასობრივ და უხეშ დარღვევაზე. ყველასთვის ნათელია, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის, ცემის და წამების, დაჭერის, და დატერორების ბრძანებას გასცემს პირადად ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ამ ბრძანებას ასრულებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოთ ნახსენები, უკვე დასანქცირებული მაღალჩინოსნები.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი:

  1. საერთაშორისო საზოგადოება გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და განსაკუთრებით 28 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს;

  2. მათ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ქონდა საქართველოში ბოლო ორი კვირის მანძილზე;

  3. ამერიკამ და ევროკაშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ ორმხრივ რეჟიმში უკვე დაუწესა საკმაოდ მკაცრი სანქციები ქართული ოცნების წევრებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და აღნიშნული პროცესი გრძელდება;

  4. ჩვენი ყველაზე ახლო მეგობრები და მხარდამჭერები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ როგორც ევროკავშირში, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული რეალობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას (აქვე მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებში საქართველოს ელჩებთან უკვე შეწყვეტილია ყველანაირი კონტაქტი);

  5.  ძალიან მკაფიო გზავნილები ისმის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და აქაც ჩვენ გვაქვს სრულიად ნათელი სურათი საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით; 

  6. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ ოცნებას 26 ოქტომბრიდან დღემდე არ გააჩნია საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რამდენიმე ქვეყნის გარდა, საპარლამენტო არჩენების შედეგი ჯერ არავის არ უღიარებია და მიმდინარე მოვლენების ფონზე ეს კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა რომ მოხდეს; - ნათქვამია განცხადებაში

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი