ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი აცხადებს, რომ ევროკავშირი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ მექანიზმებს იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ პროცესს. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ევროპარლამენტარები იზიარებენ პრეზიდენტისა და პროევროპული პოლიტიკური ძალების მოთხოვნას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
"სანქციები ყოველთვის ბოლო და უკიდურესი ზომაა. ჩვენ გვინდა, რომ ქართველების ხმა გაგონილ იქნას, რადგან მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მათი მომავალი რა უნდა იყოს. ჩვენ, ევროპელები, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ევროპისა და თავისუფლების კარი ღიაა და ახლა ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ამ კარში შემოსვლა. თუ საქართველოში არსებობს ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ პროცესს და ხელს უშლიან ქართველ ხალხს საკუთარი ნების გამოხატვაში, მაშინ ჩვენ გვაქვს სხვა მეთოდები, რომ ამის გამო პროტესტი გამოვხატოთ," - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა.