აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ სახდეპის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

დოკუმენტში წერია, რომ სავიზო შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც "საქართველოში დემოკრატიის შელახვაში მონაწილეობენ", მათ შორის არიან არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

"სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზების გაცემას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე ან პასუხისმგებელია, ან თანამონაწილე. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით ოც პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც იკავებენ მთავრობაში მინისტრის თანამდებობას, არიან პარლამენტში, მსახურობენ სამართალდამცავ და უშიშროების სტრუქტერებში და არიან კერძო მოქალაქეები.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიერ მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის განუზომელი სურვილია და რასაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის შელახვაში, დავუქვემდებაროთ სავიზო შეზღუდვებს.

ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენ გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ქმედებებს, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან' დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს ეხება," - წერია განცხადებაში.

კონკრეტულად ვის ეხება აღნიშნული სავიზო შეზუდვები, ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სახდეპმა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვები რუსული კანონის მიღების შემდეგ დაუწესა. მაშინ გამოცხადდა რამდენიმე პირის წინააღმდეგ პირველი ფინანსური სანქციებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი