ოლიგარქი ივანიშვილის ხმოსნებმა ყაველაშვილისთვის ხმის მიცემა დაასრულეს. არალეგიტიმურ პარლამენტში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, დილის 9 საათიდან დაიწყო.
კალანდარიშვილის ცესკო ახლა ხმების დათვლას იწყებს.
[ფოტო: პუბლიკა]
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის - სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: - პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი - სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 109 წევრიდან “ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 54 წევრი უნდა წარედგინა, ხოლო რვა ოპოზიციურ პარტიას, ჯამში - 55 წევრი. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა გაერთიანებებმა საარჩევნო კოლეგიაში საკრებულოებიდან წევრები არ დანიშნეს, მათთვის განსაზღვრული 55-ვე ადგილი სახელისუფლო პარტიამ შეავსო. შედეგად, ცესკოს მიერ დამტკიცებულ საარჩევნო კოლეგიაში პარტია „ქართულ ოცნებას“ 211 წევრი ჰყავს - აქედან 89 წევრი პარლამენტიდან, 13 წევრი - აჭარის უმაღლესი საბჭოდან, ხოლო 109 წევრი - საკრებულოებიდან.
საარჩევნო კოლეგიაში შედის ოპოზიციის 69 წევრი - საპარლამენტო მანდატის მქონე 61 დეპუტატი და ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს რვა ოპოზიციონერი წარმომადგენელი, თუმცა საარჩევნო კოლეგიაში მათი ყოფნა მხოლოდ ფორმალობაა, რადგან ოპოზიცია პრეცედენტის არჩევის პროცესში არ მონაწილეობს.
რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, საარჩევნო კოლეგიაში საბჭოში 20-ვე წევრი შედის. აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა და დევნილობის შემდეგ, 1994 წლიდან თბილისში ფუნქციონირებს.
არჩევნების შედეგებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, თავის სხდომაზე შეაჯამებს, რომელიც ასევე პარლამენტის სასახლეში გაიმართება.