ევროკავშირი "ჰიბრიდული" თავდასხმების გამო რუს ჯაშუშებს დაასანქცირებს | სანქცირებულთა სიაში იქნება თინა კანდელაკიც

გამოქვეყნდა:

პარასკევს 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მომავალ კვირას აპირებენ რუსული დაზვერვის აგენტების დასანქცირებას ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმების გამო.  AFP-ის ინფორმაციით დაგეგმილია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების ახალ სიას ორშაბათს, 16 დეკემბერს დაამტკიცებენ.

ევროკავშირი და ნატო მოსკოვს ადანაშაულებენ ინციდენტების სერიაში, რომელიც მიზნად ისახავდა იმ დასავლური სახელმწიფოების დესტაბილიზაციას, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია დაგმეს. გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ესტონეთის მთავრობებმა განაცხადეს, რომ გამოავლინეს ფარული ოპერაციები და ინციდენტები, მათ შორის ხანძრები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ორგანიზებული იყო კრემლის სპეცსამსახურების მიერ.

როგორც AFP ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სანქციების სიაში თექვსმეტი პირი და სამი ორგანიზაცია მოხვდება. სანქცირებულთა შორის იქნებიან ГРУ-ს და სხვა რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები.

სამომავლო სანქციების სიაში იქნება, შპს Структура-ს ხელმძღვანელი ნიკოლაი ტუპიკინი, ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, ხელმძღვანელობდა ოპერაცია Doppelganger („ორეული“).

ეს დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ და მიმართული იყო ამერიკული და ევროპული აუდიტორიისთვის. სახელი Doppelganger-ი ეწოდა EU Desinfo Lab-ის მიერ იმის გამო, რომ ყალბი ამბები ქვეყნდებოდა საიტებზე, რომლებიც იმიტირებდნენ ძირითად საერთაშორისო მედიასა და სხვა ავტორიტეტულ წყაროებს.

სანქციების შემქმნელების თქმით, Doppelganger-ის დეზინფორმაციულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი სოფია ზახაროვაც. რომელიც ასევე შესაძლოა ასოცირებული იყოს რუსეთის ოპოზიციის დისკრედიტაციის პროექტებთან - სანქციების ასეთი განმარტება ევროკავშირის დოკუმენტებში პირველია.

სანქცირებულთა შორის იქნება ტელეწამყვანი და გაზპრომის მედიის გენერალური დირექტორის მოადგილე, რუსი პროპაგანდისტი თინათინ (თინა) კანდელაკი, ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინაში რუსული აგრესიის გასამართლებელი პროპაგანდითაა დაკავებული. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანდელაკის მედია-სტრუქტურები მონაწილეობდნენ უკრაინული ტელეარხების რუსულით ჩანაცვლებაში.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი