რუსეთში აფხაზ სტუდენტებს სამხედრო კომისარიატებში აღრიცხვაზე დადგომას ავალდებულებენ. აღნიშნულ თემას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკითხის დარეგულირება ჭიანურდება, რადგან ამისთვის საჭიროა რუსეთის პრეზიდენტის დამატებითი განკარგულება.
სერგეი შამბას თქმით, საუბარია ორმაგი მოქალაქეობის მქონე სტუდენტებზე, მათ შორისაა მისი შვილიშვილიც.
"უბრალოდ, რაღაც პერიოდი ამ საკითხისადმი ლოიალურად იყვნენ განწყობილი, თვალს ხუჭავდნენ, არ ითხოვდნენ. ახლა ითხოვენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ მაშინვე გაიწვევენ ჯარში, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ, თუ არ იქნება იმ დროისთვის მიღებული კანონი ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ისინი შეიძლება გაიწვიონ ჯარში, თუ რუსეთში დარჩებიან." - განმარტა სერგეი შამბამ.
შამბამ თქმით, ერთის მხრივ კმაყოფილია, რომ აფხაზი სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ ბრუნდებიან, თუმცა აღიარა, რომ ახალგაზრდა პროფესიონალებს აფხაზეთში სამუშაოს შოვნა უჭირთ. "მაგრამ იქ [რუსეთში] ხეტიალსაც არ აქვს აზრი" - განაცხადა შამბამ.
2022 წელს რუსეთმა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოსაგვარებლად. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "პირები, რომლებიც არიან ორივე ქვეყნის მოქალაქეები, გადიან სამხედრო სამსახურს იმ მხარეში, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს".