სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა 300-მა დეპუტატმა მიიღო, მათგან 204-მა მხარი დაუჭირა, 85 წინააღმდეგი იყო, ხოლო 3-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ასევე 8 ხმა ბათილად იქნა ცნობილი.
იმპიჩმენტის საკითხის განხილვამ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა. ამ დროის განმავლობაში, პრეზიდენტს უფლებამოსილება შეჩერებული ექნება, მის მოვალეობებს კი ამჟამინდელი პრემიერმინისტრი შეასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს 9-წევრიანი საბჭოს 6 წევრი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის პროცედურას, პრეზიდენტი თანამდებობას დაკარგავს, რა შემთხვევაშიც ქვეყანაში, 60 დღის ვადაში, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
ეს იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის მეორე მცდელობა იყო, მას შემდეგ რაც მან 3 დეკემბერს მოულოდნელად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მიზეზად კი "თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა" დაასახელა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. პირველი იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ჩაიშალა, ვინაიდან სამხრეთ კორეის მმართველმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.