"საქართველოს ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება" | LIBMOD-ი გერმანიის მთავრობას ღია წერილით მიმართავს

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება", - LIBMOD-ი გერმანიის მთავრობას ღია წერილით მიმართავს.

თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის (LIBMOD) განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწორედ ევროპა უნდა დაეხმაროს საქართველოს, რათა დაიცვას თავისი ღირებულებები და ინტერესები.

განცხადების სრული ტექსტი: 

"28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში ასობით ათასი ადამიანი ყოველდღიურად მართავს დემონსტრაციას დემოკრატიისა და ევროპასთან ინტეგრაციისთვის. საპასუხოდ, ხელისუფლება შლის დემონსტრაციებს მასიური ძალადობითა და შევიწროებით.

საქართველო ისტორიულ გარდამტეხ მომენტშია: გახდება რუსეთის უკანა ეზო თუ თავისუფალი ევროპის წევრი?

ევროკავშირში გაწევრიანება, რომელსაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს, საქართველოს პოლიტიკას დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან მოჰყვება. კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს ევროკავშირსა და NATO-ში სრული ინტეგრაცია. პრემიერმინისტრმა კობახიძემ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეჩერდებოდა.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მანიპულაციურ გარემოში ჩატარდა. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში მითითებულია ხმის მოსყიდვის, დაშინების ხმის ფარულობის დარღვევისა და სხვა უამრავი შემთხვევა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში აღნიშნულია რომ ეჭვქვეშაა, ასახავს ბოლო არჩევნები ამომრჩევლის ნებას თუ არა. ევროპარლამენტმა უკვე მოითხოვა ახალი არჩევნები.

საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალადობით გადაწყვიტა პასუხის გაცემა. ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების შემთხვევები დააფიქსირეს. იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეთა უფლებები იყოს დაცული, ისინი სისტემატურად ირღვევა. ამ მოვლენების ფონზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიულმა, ქრისტიან-დემოკრატიულმა და ლიბერალურმა ჯგუფებმა 2 დეკემბერს გამოაქვეყნეს დეკლარაცია, რომელშიც მოუწოდებენ:

  • ახალი არჩევნები ჩატარდეს, რომელიც ზეწოლის გარეშე და თავისუფალ და სამართლიან პირობებში წარიმართება
  • დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა და მომიტინგეების განურჩეველი დაკავება
  • ევროპული სახელმწიფოების მიერ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ სანქციების თანმიმდევრული შემოღება, მათ შორის შესვლის აკრძალვა და ქონების გაყინვა.
  • დაკავებული მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება
  • საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მანდატის პატივისცემა ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებამდე", - აღნიშნულია მიმართვაში.
     
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი