რამდენიმე დღიანი მზადების მიუხედავად, თბილისის მერის კახა კალაძის იმიტირებული საახალწლო ზეიმი ჩაიშალა. 19:00 საათზე დაგეგმილ ღონისძიებამდე ერთი საათით ადრე, ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორია პოლიციელებით გაივსო და პარლამენტის შენობის ფასადიც საახალწლოდ გაანათეს, თუმცა შანტაჟის და იძულების მიუხედავად "ქართულმა ოცნებამ" საჯარო მოხელეების საკმარისი რაოდენობის მობილიზება ვერ შეძლო და კახა კალაძე იძულებული გახდა ღონისძიების გადადების შესახებ მთავრობის კანცელარიიდან გაეკეთებინა განცხადება.
ბავშვებისთვის "მოწყობილ" ზეიმზე, ოცნებამ ბავშვების ნაცვლად მხოლოდ საჯარო მოხელეების მცირე რაოდენობის შეკრება მოახერხა, ოღონდ ბავშვების გარეშე.
"მთავარმა არხმა" გარკვია იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც ნაძვის ხის საზეიმო ანთებას უნდა დასწრებოდნენ. მათ შორის იყო 71-ე ბაგა-ბაღის დირექტორი სოფო კაპანაძე, ამავე ბაღის თანამშრომელი ნათია ბერეკაშვილი. კრწანისის გამგეობის თანამშრომელი ლაშა გვენეტაძე, თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი გია იანტბელიძე.
კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 28 დეკემბრამდე გადადო.
ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე მე-18 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს აპროტესტებენ და ახალ არჩევნებს და დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.