საყოველთაოდ "არალეგიტიმურად" მიჩნეულმა პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად პრორუსი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია - ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა Le monde სტატიას, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
"საქართველოს პარლამენტმა, რომელიც ოპოზიციის მიერ ბოიკოტირებულია და საყოველთაოდ მიჩნეულია, როგორც არალეგიტიმური, შაბათს 14 დეკემბერს ყოფილი ფეხბურთელი, პრორუსი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში სახელმწიფოს მეთაურს ირჩევენ არა პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, არამედ ამომრჩეველთა კოლეგია, რომელსაც აკონტროლებს მმართველი პარტია "ქართული ოცნება". ამგვარად პარლამენტის უმრავლესობამ, 225-დან 224 ხმა მისცა ამ უაღრესად საკამათო კანდიდატს, რომელიც თავის ბანაკშიც კი კრიტიკას იწვევს.
მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ცნობილია თავისი ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, ანტიდასავლური გამონათქვამებით 29 დეკემბრიდან უნდა გახდეს შემცვლელი პროევროპული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა. თუმცა, ამ ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს თანამდებობის დატოვებაზე ახალ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე." - წერს Le monde.
ყაველაშვილის არალეგიტიმურ პრეზიდენტად არჩევას ეხმაურება კიდევ ერთი ფრანგული გამოცემა les echos, სათაურით: პროევროპული საპროტესტო აქციების დროს პარლამენტი ანტიდასავლურ პრეზიდენტს ირჩევს.
"საქართველოში ვითარება კიდევ უფრო იძაბება, სახეზეა ინსტიტუციური კრიზისი. საქართველოს პარლამენტმა შაბათს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ცნობილია თავისი ანტიდასავლური პოზიციებით, იმ ფონზე როცა დიდი დემონსტრაციები მოჰყვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულებას.
მიხეილ ყაველაშვილს, ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელს, დასავლეთის მიმართ ძალიან მტრული და ხშირად კონსპირაციული შეხედულებები აქვს. წლევანდელ გამოსვლებში ის აცხადებდა, რომ დასავლური სადაზვერვო სააგენტოები ცდილობდნენ საქართველო რუსეთთან ომში ჩაეთრიათ.
... საპრეზიდენტო არჩევნებამდე პარლამენტის წინ მსუბუქ თოვაში ასობით მომიტინგე შეიკრიბა. ზოგი ქუჩაში თამაშობდა ფეხბურთს და აფრიალებდა წითელ ბარათებს მიხეილ ყაველაშვილის სპორტუი კარიერის აღსანიშნავად." - წერს les echos