HR პროფესიონალები, ტრენერები და ბიზნეს კონსულტანტები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელახალ არჩევნებსა და ყველა დაკავებული დემონსტრანტის გათავისუფლებას ითხოვენ.
"ჩვენ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები, ტრენერები და ბიზნეს კონსულტანტები კატეგორიულად ვგმობთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიის პრინციპების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, რაც გამოიხატება ევროკავშირთან ინტეგრაციაზე მოლაპარაკებების შეჩერებაში, მედიისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში, დაკავებაში და წამებაში.
საქართველო თავისი ღირებულებებითა და კულტურით ყოველთვის იყო დასავლური
ცივილიზაციის ნაწილი, ყველა ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი ხალხი ამ გზას ირჩევდა და მის დასაცავად იბრძოდა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ და ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვთ ევროკავშირს და დასავლურ საერთაშორისო ინსტიტუციებს. სწორედ მათი მხარდაჭერით ხორციელდება პროექტები ბიზნესის, განათლების, ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, საჯარო სერვისების და მმართველობის განვითარების და სხვა მიმართულებებში.ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არის პირდაპირი საფრთხე როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და დემოკრატიისთვის, ისე ქართული ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის და შრომის ბაზრისთვის.
ამ განცხადებაზე ხელმომწერები ვუერთდებით ქართული საზოგადოების მოთხოვნებს:
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული დემონსტრანტი! დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები! ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ დემოკრატიული განვითარების, ევროპული ღირებულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზაზეა შესაძლებელი, ამიტომაც მტკიცედ ვდგევართ ევროპული ღირებულებებისა და თავისუფალი შრომის ბაზრის იდეების დაცვისთვის," - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს 400-ზე მეტი ადამიანი აწერს.