"გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, დაისაჯონ მოძალადეები, ქვეყანა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ კურსს" | თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლების პეტიცია

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები პეტიციას ავრცელებენ, რომელშიც აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას, მოძალადეების დასჯასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზე დაბრუნებას ითხოვენ.

"ჩვენ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მოწვეული მასწავლებლები, თანამშრომლები, რეზიდენტები და დოქტორანტები, აღშფოთებულნი ვართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

გვსურს, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია:

  • ვგმობთ საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ნებისმიერ მცდელობას, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს ისტორიულ არჩევანს, განმტკიცებულს საქართველოს კონსტიტუციით;
  • ვგმობთ აქციის მონაწილეებზე, მათ შორის, ჩვენს კოლეგებსა და სტუდენტებზე განხორციელებულ უმოწყალო ძალადობას, წამებას, უკანონო დაჭერებსა და დევნას;
  • ვგმობთ მოქალაქეების მიმართ ჯანმრთელობისთვის საზიანო ქმედებების განხორციელებას: დაუდგენელი მომწამვლელი ნივთიერებებისა და საერთაშორისო ნორმებით აკრძალული მეთოდების გამოყენებას.

მოვითხოვთ:

  1. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული დემონსტრანტები;
  2. გამოვლინდნენ მოქალაქეებზე ძალადობაში მონაწილე პირები და მკაცრად დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი;  
  3. აღდგეს დემოკრატიული პროცესები და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ კურსს.

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოვითხოვთ, ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება!" - წერია პეტიციაში.

ამ დროისთვის, პეტიციას ხელს 100-ზე მეტი ადამიანი აწერს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი