
საქართველოში მუშაობის შემდეგ, "მაკკეინის ინსტიტუტის" მისია შეჯამებით ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატია უკან იხევს რამდენიმე წლით, რადგან "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
"ჯგუფის მიზანი იყო გაეგო, როგორ უმკლავდებიან ქართველები 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგად გამოწვეულ სტრესს, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.
მისიაში მონაწილეობდნენ ყოფილი დიპლომატები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელთაც საქართველოს შესახებ ფართო ცოდნა აქვთ. დელეგაცია შეხვდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, საარჩევნო დამკვირვებელ ჯგუფებს, რეგიონულ სამოქალაქო ლიდერებსა და მედიას, ეროვნულ უმცირესობებს, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, ბიზნეს სექტორს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. დელეგაცია ასევე შეხვდა დემონსტრანტებს, რომლებიც უკანონოდ დააპატიმრეს და აწამეს. დელეგაციამ ითხოვა შეხვედრა "ქართული ოცნების" პარტიის წარმომადგენლებთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა", - წერს ინსტიტუტი.
ჯგუფმა მისიის შესახებ შემდეგი განცხადება გაავრცელა:
"ჩვენ მოვისმინეთ მრავალი ადამიანისგან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა დაშინებისა და მუქარების კამპანია, ხმების მოსყიდვა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე რეიდები, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება და პირადობის მოწმობების კონფისკაცია. დეზინფორმაციის ექსპერტებმა აღწერეს, როგორ ავრცელებდა "ქართული ოცნება" კრემლთან შეთანხმებით ნარატივებს, რომლებიც ამომრჩევლების შეშინებას ისახავდა მიზნად, თითქოს ოპოზიციის მხარდაჭერა ომს გამოიწვევდა. საარჩევნო დამკვირვებლებმა დელეგაციას მიაწოდეს საკუთარი დასკვნები და არჩევნების დღის დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია სერიოზული დარღვევები, როგორიცაა მრავლობითი ხმის მიცემა, ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა, დაშინება და სტატისტიკური შეუსაბამობები. მსგავსი შემთხვევები მოგვაწოდეს სხვა ექსპერტებმა, დიპლომატებმა და მედიამ. ჩვენ დავუსვით ეს კითხვები საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს, მაგრამ დამაჯერებელი პასუხები ვერ მივიღეთ.
არჩევნების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებს შეაჩერებდა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ძლიერად უჭერს მხარს ევროპულ მომავალს. ამან ათიათასობით ქართველი უბიძგა მშვიდობიანი პროტესტისკენ, მათ შორის იმ სოფლებშიც, სადაც პროტესტის გამოცდილება აქამდე არ ჰქონიათ. ჩვენმა თანამოსაუბრეებმა აღწერეს, როგორ ესხმიან თავს შავოსანი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს, ხოლო უნიფორმიან პოლიციას რეაგირება არ აქვს. მისია ესაუბრა ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც პროტესტის დატოვების შემდეგ დააკავეს და უსაფრთხოების ძალებმა სცემეს ისე, რომ ისინი გონების დაკარგვამდე მიიყვანეს. ისინი ღამეებს საავადმყოფოში ატარებდნენ მოტეხილობებით, სახის დაზიანებებით და ტვინის შერყევით. შემდგომ მათ უსამართლოდ წაუყენეს ბრალდებები ხულიგნობასა და ვანდალიზმში.
ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც პროტესტთან ახლოსაც კი არ იმყოფებიან, ასევე იტაცებენ, სცემენ და ბრალდებებს უყენებენ. ჩვენი მისიის დროს, "რონდელის ფონდის" თანამშრომელი ქუჩიდან მოიტაცეს, როდესაც ძაღლს ასეირნებდა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში დაკარგული იყო, სცემეს და შემდგომ დააპატიმრეს.
მისიას შოკში ჩააგდო მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის მასშტაბმა და სერიოზულობამ. ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არავინ დაიღუპა, სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, თუ წამება გაგრძელდება, მსხვერპლის რისკი გაიზრდება. იმ საშინელი სცენარის შემთხვევაში, თუ მთავრობის ძალოვნები ვინმეს იმსხვერპლებენ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო მღელვარე გახდება.
როგორც "მაკკეინის ინსტიტუტის" წინასაარჩევნო შეფასებაში სექტემბერში აღინიშნა და "ფრიდომ ჰაუსისა" და International IDEA-ს მიერ დოკუმენტირებულია, საქართველოს დემოკრატია უკან იხევს რამდენიმე წლით, რადგან "ქართული ოცნება" ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას ბიძინა ივანიშვილის კონტროლქვეშ. რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, ეს ავტორიტარული დაღმავლობა დაჩქარდა.
„ქართული ოცნების“ მთავრობა დასავლეთის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერებს დაუპირისპირდა და მოიგონა "გლობალური ომის პარტია", რომელიც თითქოს დასავლეთში არსებობს და საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს. ამასობაში, მთავრობა მოსკოვისგან ქებას იღებს ავტორიტარული ზომებისთვის, მათ შორის კრემლის კანონების მიხედვით შექმნილი ახალი "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონისთვის. მთავრობამ ასევე დაიწყო ახალი პარტნიორობა ჩინეთთან და ირანთან", - წერია "მაკკეინის ინტისუტის" ანგარიშში.