"გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას" | გერმანიის მთავრობის კოორდინატორი

გამოქვეყნდა:

„საქართველოში მოქალაქეთა ლიბერალური დემოკრატიის სურვილი და უფრო და უფრო ავტოკრატულად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რეპრესიები ძალადობრივად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ჩვენ იმ ქართველების გვერდით ვდგავართ, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მათი მომავლის ხილვა. ამ ვიზიტის დროს მინდა ეს პოზიცია დავაფიქსირო - აცხადებს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი  რობინ ვაგენერი.

მის განცხადებას საქართველოში, გერმანიის საელჩო ავრცელებს:

"საქართველოს მოსახლეობას დაპირდნენ ევროპულ მომავალს. ამ დაპირებიდან ცოტა ხანში „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიულ ღირებულებებსა და ევროპას. კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებას. მაგალითად მაცნობეს, თუ როგორ სცემეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჟურნალისტს, როდესაც იგი პირდაპირ ეთერში დემონსტრაციას აშუქებდა.

ამიტომ გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას და მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები. იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო. ამ ვითარებაში აუცილებელია მკაფიო ღონისძიებების გატარება.

შთამბეჭდავად მიყვებოდნენ, თუ როგორ გამოდიოდნენ მცირე დასახლებებშიც კი სხვადასხვა თაობის ადამიანები ქუჩაში იმიტომ, რომ ისინი კონკრეტულ საფრთხეს ხედავენ მათი მომავლისთვის. ქართულმა ოცნებამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება და დაუბრუნდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ევროპულ გზას“. განაცხადა ვაგენერმა.

რობინ ვაგენერი თბილისს 17-18 დეკემბერს სტუმრობდა. საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მან გამართა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. მან ასევე ნახა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.

ვაგენერის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში მძიმე შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგა. 

"ფედერალური მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას და მჭიდრო კოორდინაციაშია ევროკავშირის წრეებთან. ევროპის საბჭო 19 დეკემბერს განიხილავს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და მასზე ევროკავშირის რეაქციას." წერს საელჩო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი