წალენჯიხის მერია ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება და მას მხარდაჭერას უცხადებს.
მერია მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს, ქვეყნისთვის ურთულეს მომენტში, დადგნენ საქართველოს გვერდით, რათა არ მოხდეს რუსული გავლენის გაძლიერება ქვეყანაში, რომლის ისტორიული მონაპოვარიც არის ევროპული ღირებულებები.
"საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნათლად წარმოაჩინა ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვრისადმი ერთგულება და დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები და ევროპული გზა გვაქვს!
ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში სახეზეა რუსული გავლენების გაძლიერება, რაც ხელს დემოკრატიის არსებობას უშლის; იზღუდება მედია და გამოხატვის თავისუფლება, ილახება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა ქართველი ხალხის ერთსულოვანი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესახებ.
საქართველოში ერთადერთი კოალიციური თვითმმართველობა, წალენჯიხის მერიის სახით, მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას და ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდებთ, ქვეყნისათვის ურთულეს მომენტში, დადგნენ საქართველოს გვერდით, რათა არ მოხდეს რუსული გავლენის გაძლიერება ქვეყანაში, რომლის ისტორიული მონაპოვარიც არის ევროპული ღირებულებები", - ნათქვამია განცხადებაში.