საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა კვლავ ყირგიზეთია | წინა წელთან შედარებით ექსპორტი 85.7%-ით არის გაზრდილი

გამოქვეყნდა:

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 112.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 6 010.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 101.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 6.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარნოემბერში, 9 090.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 166.1 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (795.4 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (664.4 მლნ. აშშ დოლარი). ხუთეულში ასევე არიან რუსეთი და სომხეთი.

წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყირგიზეთში ექსპორტი 85.7%-ით არის გაზრდილი, ყაზახეთში 22.5%-ით, ხოლო აზერბაიჯანში შემცირებულია 15.7%-ით.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 500.9 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 828.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 635.5 მლნ. აშშ დოლარი). ხუთეულში ასევე არის ჩინეთი და გერმანია.

აშშ-დან იმპორტი 3.8%-ით არის შემცირებული, ჩინეთიდან კი გაზრდილია 20.1%-ით და გერმანიიდან 30.3%-ით.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 939.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 269.4 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 965.8 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 218.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 316.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 270.4 მლნ. აშშ დოლარით (4.5 პროცენტი).

წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 287.7%-ით არის გაზრდილი ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი. 113.3%-ით ფეროშენადნობების, 53%-ით სპირტიანი სასმელების. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებს 14%-ით. შემცირებულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 29.9%-ით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 082.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 185.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 562.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).

რაც შეეხება ცვლილებას იმპორტში: 67.2%-ით გაზრდილია დაუმუშავებელი ნახშირბადიანი ფოლადის წნელების იმპორტი, 62.6%-ით გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების იმპორტი. 28.7%-ით სატვირთო ამტომობილების. შემცირებულია სატელეფონო აპარატების და მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის აპარატები იმპორტი 10.8%-ით.  7.5%-ით ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების,  და 0.1%-ით მსუბუქი ავტომობილების.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი