„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე არ მიდის და წერს, რომ პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია.
გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.
1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. ოცნება იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს
2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია. სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ
ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია!" წერს ელენე ხოშტარია.
ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით, გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა "კოალიციამ ცვლილებისთვის" და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მოუწოდა, მკაფიო პოლიტიკური გზავნილები დააფიქსიროს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე.
თბილისში მეორე დღეა ევროსაბჭოს დელეგაცია იმყოფება. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანი დღეს ინდივიდუალურ ფორმატში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორს ხვდება.
გუშინ კი ალენ ბერსე "ქართული ოცნების" ლიდერებს, არალეგიტიმურ პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.