ევროსაბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საპოლიციო ძალებისა და ტიტუშკების მიერ სასტიკად ნაცემ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს შეხვდა.
"ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მოვუყევით იმის შესახებ, როგორი საშიშია ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება, როგორი საშიშია მედიისთვის გადაღებაზე გასვლა იმიტომ, რომ როცა მივდივართ არ ვიცით უკან დავბრუნდებით თუ არა და ეს არის იმ ადამიანების დამსახურებაა ვისაც ისინი დღეს ჩვენამდე შეხვდნენ. ხელისუფლებას ვერ ვუწოდებ, იმ ადამიანების დამსახურება ვისაც ისინი შეხვდნენ.
12 დღე გავიდა და ამ ადამიანებს ჯერ ჩემ შემთხვევაზე არცერთი დაკავებული არ ჰყავთ. არ ჰყავთ ეჭვმიტანილიც კი," - განაცხადა "TV პირველის" ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ.
შეხვედრაზე მივიდა "ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც სპეცრაზმელი აქციაზე მუშაობისას სასტიკად გაუსწორდა და მძიმე დაზიანებების კვალი ამ დრომდე აღენიშნება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, მათ ევროსაბჭოს დელეგაციას არსებული მდგომარეობა გააცნეს და მომზადებული ანგარიში გადასცეს. აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ ადგილი აქვს სისტემურ წამებას, ადამიანის უფლებათა დარღვევას. ასევე მათ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ დაშავებულებთან დაკავშირებით არანაირი გამოძიება არ ტარდება და რომ "ქართული ოცნება" არც აპირებს გამოძიების დაწყებას. მათ დელეგაციას ასევე გააცნეს ის თუ როგორ შუქდება ევროსაბჭოს ვიზიტი პროპაგანდისტული მედიების მიერ.