უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემა ბოლო პერიოდში ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევის სამიზნე გახდა - წერს მედია და აღნიშნავს, რომ რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, შეჩერებულია იუსტიციის სამინისტროს ძირითადი სისტემების მუშაობა - "ჰაკერებმა განაცხადეს, რომ მათ გაანადგურეს ყველა მონაცემი, რომელზეც მათ ჰქონდათ წვდომა, მათ შორის, სარეზერვო ასლები პოლონეთის სერვერებზე" - წერს მედია უკრაინის ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრი ოლგა სტეფანიშინას განცხადების საფუძველზე.
სტეფანიშინას თქმით, კიბერშეტევამ გამოიწვია უკრაინის იუსტიციის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ერთიანი და სახელმწიფო რეესტრის მუშაობის დროებითი შეჩერება. დადგინდა, რომ თავდასხმა რუსი ჰაკერების მიერ იყო ორგანიზებული, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო სამსახურების ფუნქციონირების ჩამოშლა.
„ახლა სპეციალისტებთან ერთად, კოორდინაციას ვუწევთ მუშაობას კიბერშეტევასთან დასაპირისპირებლად და სისტემების აღსადგენად. უკვე ნათელია, რომ თავდასხმა განხორციელდა რუსების მიერ, რათა ხელი შეეშალათ სახელმწიფოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ოპერირებისთვის" - აღნიშნავს უკრაინის ვიცეპრემიერი.