
ჩეხეთის სენატმა მიიღო დადგენილება და მთავრობას დაავალა, დაუწესოს სანქციები იმ პირებს, რომლებიც პროტესტის ძალადობრივ ჩახშობაში, ან ბრძანებების გაცემაში მონაწილეობდნენ.
ჩეხეთის სენატი მოითხოვს, სანქციები იმ მოსამართლეებზეც გავრცელდეს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას იღებენ.
18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციის ტექსტი ასევე აღწერს საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის, ევროკომისიის, ევროპარლამენტისა თუ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციებს, გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებს; საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც მთავრობას ევროინტეგრაციას ავალდებულებს; ასევე, რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციას.
რეზოლუციაში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც.
„2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა სერიოზული დარღვევები, ხმების მოსყიდვის შემთხვევები, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების შევიწროება, ამომრჩევლის დაშინება საარჩევნო უბნებზე და მის გარეთ, ამომრჩევლისთვის სოფლად პირადობის დამადასტურებელი საბუთების ჩამორთმევა, რომლებიც შემდგომ მმართველი პარტიის მომხრეებს გადაეცა, ამომრჩეველთა ორგანიზებული გადაადგილება, სიძულვილის ენა, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა. ამასთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 28 ნოემბერს განაცხადა, რომ არ აპირებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლის ბოლომდე და, შესაბამისად, საქართველო ამჟამად კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას;
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ყოველთვის იყო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი გრძელვადიანი პრიორიტეტი, მოვუწოდებთ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას, დააწესოს სანქციები იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობაში და განიხილოს ასეთი სანქციების გავრცელება მოსამართლეებზე, რომლებმაც გამოიტანეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები, ასევე ყურადღება მიაქციონ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას საქართველოში იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობის განვითარება არ არის მოსალოდნელი", - წერია რეზოლუციაში.
ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით, რეზოლუცია მიიღო ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმაც.