დიდი ბრიტანეთის ელჩს, რომელიც სანქციების გამო დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, თვითგამოცხადებული მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:
"შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო.
მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება.
შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას." წერს სამინისტრო.
დიდმა ბრიტანეთმა არალეგიტიმური შს მინისტრი გომელაური, მისი მოადგილე დარახველიძე, ხარება, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გუშინ, 19 დეკემბერს დაასანქცირა.