"ის, რაც საქართველოში ხდება, ევროკავშირისთვის სტრატეგიული გამოწვევაა, რადგან მის საიმედოობას ცდის... იყავით უფრო მამაცები" | სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"ის, რაც საქართველოში ხდება, არ არის მხოლოდ რუსეთის ახალი სტრატეგიის ტესტი, არამედ ასევე არის ძალიან სტრატეგიული გამოწვევა ევროკავშირისთვის. ეს არის სტრატეგიული გამოწვევა, რადგან მის საიმედოობას ცდის... ჩემი მოწოდება ევროკავშირისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, იტალიისთვის არის იყვნენ უფრო მამაცები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის სენატში მიმართვისას განაცხადა.

"ევროკავშირი ინტენსიურად მუშაობს ჩვენთან და არაერთი რეკომენდაცია მოგვცა, პირველად 12, შემდეგ 9. არცერთი მათგანი არ განხორციელდა ამ ხელისუფლების მიერ. არა მხოლოდ არ განხორციელდა, არამედ ყველა გადაწყვეტილება, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მიიღეს, ამ რეკომენდაციის სულისკვეთების წინააღმდეგ მიდიოდა. გარდა ამისა მმართველი პარტიის დესტრუქციული რიტორიკა კიდევ უფრო დესტრუქციული გახდა მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ამის შემდეგ ვიხილეთ ძალიან დესტრუქციული რიტორიკის ზრდა, რომელიც თავიდან ბატონმა ივანიშვილმა გააჟღერა, შემდეგ კი მთელმა მმართველმა პარტიამ. ისინი თავს ესხმოდნენ ევროპელებს და ამერიკელებს, უწოდებდნენ მათ გლობალური ომის პარტიის წამხალისებლებს, რომლებსაც საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყება სურდათ და მათი თქმით, ერთადერთი, რაც "გლობალური ომის" პარტიას აინტერესებდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს გამოყენება იყო. მათი რიტორიკის თანახმად, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ოპოზიციურ პარტიას ხელისუფლების დამხობაში ეხმარებოდნენ.

[...]
თუკი არ მოხდება უფრო მკაფიო დაგმობა ამ რიტორიკის, ან პოლიტიკის, გადაწყვეტილებების, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება და ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ მიდის, თუკი არ მოხდება მმართველი პარტიის მიერ რუსეთისკენ აღებული კურსის დაგმობა და არ მოხდება დემონსტრანტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ ბოლო დღეებში განხორციელებული ძალადობის მკაფიო დაგმობა, მაშინ ევროკავშირი დაკარგავს საიმედოობას. ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. არ შეიძლება ნეიტრალურ პოზიციაში ყოფნა, სადაც ოფიციალურ დეკლარაციებში, განცხადებებში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არის ძალადობის წინააღმდეგ და ცდილობს ევროკავშირისკენ დაბრუნების გზა გამონახოს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ბოლო 2 წლის განმავლობაში სიტყვით და საქმით, რომ საქართველო ევროპული გზიდან ჩამოეშორებინა და ეს ოფიციალურად დაადასტურეს 28 ნოემბერს. უფრო ცხადი როგორ შეიძლება გახდეს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებენ ერთი მიმართულებით მიდის.

ასე რომ, ჩემი მოწოდება ევროკავშირისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, იტალიისთვის არის იყვნენ უფრო მამაცები. ქართველი ხალხი აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს, ისინი აპროტესტებენ სრულიად მშვიდობიანად, მათი მოთხოვნები არის მშვიდობიანი და კონსტიტუციური და ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი და ერთადერთი კონსტიტუციური გამოსავალი არის ახალი არჩევნები და ეს არის ერთადერთი გზა ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი