ტერორისტების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის დასანქცირებული პირებისა და სხვა მძიმე რეპუტაციის მქონე ჩინოვნიკების გვარებთან ერთად, მაგნიტსკის სიაში ოლიგარქის შს მინისტრი მოხვდა. მასთან ერთად გლობალურ შავ სიაშია უკვე დასანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე - მირზა კეზევაძე.
"მაგნიტსკის აქტი" პირველად 2012 წელს აშშ-ის კონგრესის ორივე პარტიის აბსოლუტური მხარდაჭერით იქნა მიღებული. თავდაპირველი მიზანი რუსი მაღალჩინოსნების დასჯა იყო ცნობილი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის ციხეში წამებით სიკვდილის გამო. 2016 წელს აშშ-მ უკვე „მაგნიტსკის გლობალური აქტი” დაამტკიცა და დოკუმენტის მოქმედების არეალი გააფართოვა. გლობალური აქტის საფუძველზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, აშშ-ს ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს ჩინოვნიკის დასანქცირება შეუძლია. გლობალური მაგნიტსკის აქტი მიიღო კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ.
რას ნიშნავს მაგნიტსკის გლობალურ აქტში მოხვედრა? სანქცირებულის საბანკო ანგარიშები, ნებისმიერი სახის ფული, მოძრავი, თუ უძრავი ქონება, ნებისმიერი მატერიალური სახის აქტივი ავტომატურად ექვემდებარება დაყადაღება/ჩამორთმევას. ყველა საფინანსო დაწესებულება ვალდებულია იხელმძღვანელოს და დაემორჩილოს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის სანქციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ამერიკის ამ გადაწყვეტილებამდე, რამდენიმე საათით ადრე იყო დიდის ბრიტანეთის სანქციები. მიზეზი აქაც ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე სასტიკი ძალადობაა. გომელაურთან ერთად გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული და აქტივები გაყინული აქვთ - ე.წ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ახლა ერთადერთი გზა კრიზისგან თავის დასაღწევად, იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსამდე არ მივიდეს, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება და თითოეულ მოქალაქეზე აისახება. რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან კომერციული ბანკები და მათი ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაუძლებენ ივანიშვილის რეჟიმის წნეხს და შეასრულებენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.
ოლიგარქის რეჟიმმა ამერიკულ და ბრიტანულ სანქციების პასუხი არ დააყოვნა. გადაწყვეტილების გასაჯაროებიდან მალევე, არალეგიტიმურმა პრემიერმა, არალეგიტიმური შს მინისტრი ვიცე-პრემიერად დანიშნა და საზოგადოებას აცნობა, რომ ადამიანების წამებაში ბრალდებულ პირებს ღირსების ორდენით დააჯილდოებს. მეტიც, სანქციებით მიყენებულ ზარალს სახელმწიფო აანაზღაურებს, ანუ მოქალაქეების სასტიკი დარბევისთვის გლობალურ შავ სიაში შეყვანილებს კომპენსაციას ისევ ხალხის ჯიბიდან გადაუხდიან.
მაგნიტსკის აქტიდან პირის ამოღება ფაქტობრივად შეუძლებელია, მისი გასაჩივრება კი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სასამართლოშია შესაძლებელი, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს არც ერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილებია.
ოლიგარქის პარტიას ახლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იმედი აქვს, თუმცა მაგნიტსკის გლობალური აქტის რეგულაციები 2017 წლის დეკემბერში, უფრო მკაცრი სწორედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გახდა. სწორედ პრეზიდენტმა ტრამპმა მოაწერა ხელი ბრძანებას , რომლითაც სახაზინო დეპარტამენტს მიეცა უფლება, რომ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასა და კორუფციაში ჩართული პირებისთვის, ქონების ბლოკირება მოეხდინა. ამას ემატება სახელმწიფო დეპარტამენტისგან განცხადება, რომ დასანქცირების პროცესი გაგრძელდება. მათ შორის შეზღუდვები დაუწესდებათ მუნიციპალური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის იმ პირებს, ვინც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდა.
მაგნიტსკის სიაში საქართველოს 6 მოქალაქეა: ოლიგარქის შს მინისტრი და სამინისტროს კიდევ 3 მაღალჩინოსანი; 2 პირი კი ექსტრემისტული, რუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს წარმომადგენელია.
მაგნისტსკის გლობალური აქტითაა დასანქცირებული პუტინის არაერთი პროპაგანდისტი, ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკო და მისი ოჯახი, რამზან კადიროვი და კადიროველები;
ავტორი: დავით კობიძე