
ბალაკლავის ტარებისთვის ქართული ოცნება მალე სამართალდამრღვევებად გამოგვაცხადებს. ნივთი, რომელიც ზამთარში სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს ახლა უკვე არაკანონიერი გახდა. ივანიშვილის დეპუტატების მიღებული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ აქციაზე ვერც სამედიცინო პირბადეს გაიკეთებთ , ვერც შარფს, თუ ის სახეს სანახევროდ მაინც დაგიფარავთ.
დაშინების, ცემის დარბევისა და დაკავებების შემდეგ ქართული ოცნება ახლა ამ გზით ცდილობს ახალგაზრდებში პროტესტის ჩახშობას. იგონებს ახალ შეზღუდვებს და ზრდის ჯარიმებს.
მაგალითად, აქციაზე სახის დაფარვის გამო მალე 2000 ლარით დაჯარიმდებით. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ ივანიშვილის მოძალადე პოლიციელები სულ უფრო კარგად ინიღბებიან და მომიტინგეების ცემისა და წამებისას მხოლოდ თვალები უჩანთ.
პირბადეების აკრძალვასთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეხვდებით პუნქტს, რომელიც პიროტექნიკის გამოყენებას ეხება. კანონის ამოქმედების შემდეგ პიროტექნიკის გამოყენების შემთხვევაში მოქალაქე 5 000 ლარით დაჯარიმდება.
ირონიულია ისიც, რომ მოსახლეობა ფეიერვერკების აკრძალვას წლებია ითხოვს, გაცილებით ჰუმანური მიზეზით - პიროტექნიკა მიუსაფარ ძაღლებს აზიანებს, თუმცა ეს მოთხოვნა ქართული ოცნებისთვის სასარგებლო მხოლოდ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ფეიერვერკებმა თავად გააღიზიანა.
საფრთხე დაინახეს ივანიშვილის დეპუტატებმა სათამაშო ლაზერშიც, რომელსაც ზიანის მიყენება ადამიანისთვის ფიზიკურად არ შეუძლია.
ქართული ოცნების რეპრესიული ცვლილებებიდან ყველაზე მავნებლური ერთი პუნქტია - მოქალაქის პრევენციული დაკავება. ამ პუნქტით პოლიციას უფლება ეძლევა ადამიანი ყველანაირი მიზეზის გარეშე, მხოლოდ მისი სურვილის გამო დააკავოს. ანუ ივანიშვილის ოცნება პოლიციას უკანონებს იმ ღონისძიებებს რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში აქციების აქტიური მონაწილეების წინააღმდეგ იყენებდნენ. დაიჭერენ ყველას ვინც უბრალოდ არ მოეწონებათ.
ივანიშვილის ოცნების რეპრესიული ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არასრულწლოვანები და მათი მშობლები არიან. მოზარდებზე გაბრაზებულმა ივანიშვილმა კანონში ისეთი ჩანაწერი გააკეთებინა, როგორიც მხოლოდ დიქტატორულ ქვეყნებს აქვთ. ანუ, თუ მოზარდს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავებენ, პასუხისმგებლობას მშობელსაც დააკისრებენ.
გარდა ამ აკრძალვებისა, ჯარიმები დაწესდება გზის გადაკეტვაზე. სამართალდარღვევად ჩაითვლება პროტესტში მძღოლების ჩართულობაც, ქალაქის იერსახის დაზიანებაც. დაკავებას კი პოლიციელები პრევენციული მიზნის გარდა იმ შემთხვევაშიც შეძლებენ, თუ მათ თქვენი სასამართლოში გადაყვანა სურთ.
ავტორი: მაგდა მაისურაძე