"კვლავ ვითხოვთ, გაიხსნას დღის ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის" | საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და კვლავ ითხოვს, პირველმა არხმა გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის.

მათი ცნობით, ორშაბათს, 23 დეკემბერს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ პრესკონფერენციას გამართავენ.

"28 ნოემბერს ბატონმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ამცნო, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადავადდა. ამ განცხადებას საზოგადოების უწყვეტი პროტესტი მოჰყვა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ.

მას შემდეგ, მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ღიად მოვუწოდებთ და ვთხოვთ არხის მენეჯმენტს, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ და კრიზისულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მსჯელობისთვის.  

მიმდინარე მოვლენები გვავალდებულებს სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და  არა ფილმებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ დღევანდელ რეალობასთან.

მზად ვიყავით და ახლაც ვართ, რომ მენეჯმენტთან ერთად პროაქტიულად ვიმუშაოთ ამ  სატელევიზიო ფორმატების და ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის.  ვიცით, რომ ნების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის ტექნიკურად უზრუნველყოფის საშუალება.

სამწუხაროდ, ჩვენს არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან. სატელევიზიო პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე სიტყვიერი უარის შემდეგ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზეც გაურკვეველი პასუხი მივიღეთ. ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი ვიაზრებთ ჩვენს  როლს და  პროფესიულ ვალდებულებას ზოგადად და განსაკუთრებით ქვეყნისთვის ამ რთულ დროს.

გვჯერა, რომ პროცესის მიუკერძოებელი და  სრულფასოვანი გაშუქება და გაანალიზება ჩვენი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ვალია. მიგვაჩნია, რომ გვაქვს ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, რომ ყოველი ჩვენი მომდევნო ნაბიჯი თუ გეგმა ამ პროცესში იყოს საჯარო", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი