"ცალკეულმა სამართალდამცავებმა დაკავებულებისთვის ჩამორთმეული ნივთები მიითვისეს, ან დასჯის მიზნით გადაუყარეს" | სამართლებრივი დახმარების ქსელი

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქციებზე დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ. ამის შესახებ განცხადება სამართლებრივი დახმარების ქსელში გაერთიანებულმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა გააკეთეს. როგორც ბრიფინგზე საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, შესწავლილი იქნა მიმდინარე დემონსტრაციებისას დაკავებული პირებისთვის სხვადასხვა ნივთის ჩამორთმევის და მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა.


"არაერთი დაკავებულის ინფორმაციით დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონები, ყურსასმენები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე და სხვა.

ზოგიერთი დაკავებულის განმარტებით, სამართალდამცავები სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს, უარის შემთხვევაში კი ძალადობდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ტელეფონები ჩამოართვეს განყოფილებაში და დაკავების დასრულებისას არ დაუბრუნეს. ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევაში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და განყოფილებებსა თუ იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას, როდესაც შესაბამისი დოკუმენტაცია ფორმდებოდა, იქ არ იყო აღნიშნული ის ნივთები, რომელიც უკანონოდ ჩამოართვეს თუ გადაუყარეს.

უმეტეს დაკავებულს ნივთები არ ჩამორთმევია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ის ცალკეულმა სამართალდამცავებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს, ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაუყარეს, რათა მათ აღარ ჰქონოდათ ნივთების დაბრუნების საშუალება. ზოგიერთი დაკავებულის განცხადებით, ნივთების ჩამორთმევა სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით მოხდა.

ზოგ შემთხვევაში დაზარალებულებმა შეძლეს ტელეფონების ლოკაციის დადგენა, მაგალითად გორში, ასევე პარლამენტის მიმდებარედ, ამის შესახებ აცნობეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვეს რეაგირება, თუმცა ამ დრომდე არაა გამოძიებული და ნივთები არ უბრუნდებათ." - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

მისი განმარტებით, დაკავებისას ხდება ნივთების ჩამორთმევა, თუმცა ეს უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებით. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც ჩატარდეს და დაზარალებულებს დაუბრუნდეთ კუთვნილი ნივთები.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი