"დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება, განსაკუთრებით სოფლის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში," - ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების არსებობა და სპეციალური კალმების გამოყენება, რაც ბიულეტენების ფარულობას არღვევდა, აღვივებდა შიშს ამომრჩევლებში.
"IRI-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვაინინგი: „საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის სარწმუნო თავისი მოქალაქეების თვალში და არის კიდევ ერთი სამწუხარო თავი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისთვის ბრძოლაში.“
ვაშინგტონი – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია (IEOM) გთავაზობთ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშს, რომელიც მოიცავს ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს. მისიას ხელმძღვანელობდნენ IRI-ის პრეზიდენტი დოქტორი დანიელ ტვაინინგი, აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ჯონ შიმკუსი და შვედეთის სამეფოს პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელტი.
ანგარიშში ასახულია 48-წევრისგან შემდგარი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც ფოკუსირებული იყო საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო, საარჩევნო და შემდგომი პერიოდის განმავლობაში ეროვნული და ადგილობრივი დონის მოვლენებზე და დინამიკაზე.
IRI-ის მისიის დასკვნით, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი. სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას. ხდებოდა მმართველი ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლებების შექმნა, ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება. ასევე, აღინიშნებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა.
„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის სანდო თავისი მოქალაქეების თვალში და არის კიდევ ერთი სამწუხარო თავი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისთვის ბრძოლაში. კრემლის პოლიტიკის თითქმის 40-წლიანი მცდელობის მიუხედავად, ქართველი ხალხი კვლავ მტკიცედ ესწრაფვის ევროპასთან ინტეგრაციას და დემოკრატიული მომავლის შექმნას.“ - განაცხადა ტვაინინგმა.
მისიამ დაადგინა, რომ მრავალი ფაქტორი ნეგატიურად აისახა საქართველოს საარჩევნო პროცესზე და სერიოზული ეჭვები გააჩინა არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, მისიამ საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი და სისტემატური ხარვეზები დააფიქსირა, რომელიც ოთხ ძირითად პრობლემას უკავშირდება: 1. არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება; 2. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება; 3. საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება; და 4. არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა.
„საქართველოს ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო სისტემა და სახელმწიფო ბიუროკრატია, მოქმედებდნენ როგორც მმართველი პარტიის შტო, ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებლები ყოფილიყვნენ. მისიის მიგნებებზე დაყრდნობით და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების მიხედვით, მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს “ – განაცხადა ტვაინინგმა.
საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის კლება, რაც ძალაუფლების ერთი პარტიის მიერ მიტაცების რისკს ქმნის და დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს 1 უკარგავს თანაბარ პირობებში შეჯიბრების შესაძლებლობას. IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა. მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაუდებლად აუცილებელია თანმიმდევრული და სრულყოფილი საარჩევნო რეფორმები, რათა აღმოიფხვრას საარჩევნო პროცესის სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ჩარჩოების სისუსტეები. საქართველოს დემოკრატიის დაცვის მიზნიდან გამომდინარე, ანგარიში მოიცავს 31 რეკომენდაციას, რომელთა შორისაა მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა და სანდო არჩევნების უზრუნველსაყოფად გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა. IRI რჩება საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგულ მხარდამჭერად.
მისიის შესახებ: 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე IRI-ის სადამკვირვებლო მისია იყო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული რიგით 250-ე, დაწყებული 1984 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, IRI-მ სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მოამზადა მრავალი რეფორმის რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების ხარისხისა და ჩატარების პროცესის გაუმჯობესებას. წინასაარჩევნო გარემოს ანალიზი დაიწყო 2024 წლის ივნისში და მოიცავდა 20 საერთაშორისო გრძელვადიან დამკვირვებელს (LTO), რომლებიც საქართველოში ივლისის თვიდან იმყოფებოდნენ, და 28 მოკლევადიან დამკვირვებელს (STO), რომლებიც უშუალოდ საარჩევნო კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს.
გრძელვადიანი დამკვირვებლები განაწილდნენ საქართველოს ათ რეგიონში: იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა და თბილისი. არჩევნებამდე 100 დღის განმავლობაში მისიის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ ქვეყნის 73 საარჩევნო ოლქს, ხვდებოდნენ პოლიტიკური პარტიების წევრებს, მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო და სასამართლო უწყებების თანამშრომლებს, მთავრობის წარმომადგენლებს, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ადგილობრივი თემის ლიდერებსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს. მისიის მეთოდოლოგია დაფუძნებულია ინფორმაციის ყოვლისმომცველ შეგროვებაზე, ფაქტებზე დაფუძნებული, პოლიტიკურად მიუკერძოებელი ანალიზისთვის, რომელიც ასახულია მისიის დასკვნებსა და რეკომენდაციებში. მისია საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად, ჩაურევლობის პრინციპით და მჭიდროდ კოორდინაციით ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან, რომლებიც ასევე მხარს უჭერენ მოცემულ დეკლარაცია," - წერია ანგარიშში.