თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა სხვიტარიძის პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა სხვიტარიძის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა მიმდინარეობს. მას შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს, შესაბამისად, დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სხვიტარიძეს სამართალდამრღვევად ცნობენ და ჯარიმას დააკისრებენ.

ადვოკატის თქმით, მოსამართლე სახდელის სახით პატიმრობას ვეღარ გამოიყენებს, რადგან სხვიტარიძე მის წინააღმდეგ დაწყებული სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ისედაც წინასწარ პატიმრობაშია:

"საბა სხვიტარიძეს ედავებიან 17 ნოემბერს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, 19 ნოემბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ედავებიან 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს. ორი საქმეა სასამართლოში ადმინისტრაციული წესით შემოტანილი. ორივე საქმე დაეწერა ჩვენდა გასაკვირად მოსამართლე ზვიად ცეკვავას და მოსამართლემ ერთ წარმოებად გააერთიანა. რადგან საბა სხვიტარიძე იმყოფება სისხლის სამართლის წესით პატიმრობაში, აქ სახდელის სახით რომ პატიმრობა გამოიყენოს არ იქნება, სახდელს დაადებს რა თქმა უნდა და ვფიქრობთ რომ ეს იქნება ჯარიმა"აღნიშნა სასამართლო სხდომის დაწყებამდე საბა სხვიტარიძის ადვოკატმა.

პროცესს ესწრება სხვიტარიძის დედაც: 

"ბოლომდე გავაგრძელებ ჩემი შვილის დაწყებულ საქმეს, ბოლო წუთამდე, შევეწირები ამ ამბავს... ოცნების მონა, რომელიც გრძნობს, რომ ჰაერს სუნთქავს, მაინც პატიმარია. ჩემ შვილს ვერაფერს დაუმტკიცებენ,  იმიტომ რომ მართლები ვართ და ბრძოლა იქნება ბოლომდე" თქვა სხვიტარიძის დედამ პროცესის დაწყებამდე.

სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 დეკემბერს მას აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საბა სხვიტარიძეზე დაკავების შემდეგ ფიზიკურად იძალადეს. ნიღბიანების ჯგუფი დიღმის სამმართველოს შენობაში მას სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი