"წინა დღეს სტატუსი დადო იმ გარეწარმა მაინც მოვკლავო" | თბილისში, 16 წლის მოზარდის დაჭრის დეტალები

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა თბილისში დაჭრილი 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, აღენიშნება რამდენიმე ჭრილობა, თუმცა ყველაზე მძიმე, კისრის მიდამოში მოყენებული დაზიანებაა, საიდანაც მოზარდმა ბევრი სისხლი დაკარგა.

დაჭრილი გიორგი ბლიაძეა, რომლის დედაც ვარაუდობს, რომ მისი შვილი ნეონაცისტური დაჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მათ მისი მოკვლა წინასწარ ჰქონდათ განზრახული: 

"კამერის ჩანაწერებში ვხედავ როგორ ხვდებიან, უკან რომ მისდევენ, გიო გარბის, ერთი მისდევს, მერე ლუკა რომ ვარდება ბრუნდება თავის ძმის ასაყენებლად, ამ მომენტში ჩაიგდო გიო ხელში. 14 წლის ბავშვს დანა ამოუღია და გიოს საძილე არტერიაში ჩაარტყა და დანა ჩავიდა გულში. დაფლითეს ბავშვი. მერე კიდევ მიდიოდა დანით დასაჩეხად, მერე ისევ თავისიანებს, ნიღბიანებს გამოუწევიათ, აღარ გინდა უკვე მკვდარიაო... ჩაცმულობაზე ემჩნევათ, ემბლემებზე, მაისურებზე." ამბობს დაჭრილი მოზარდის დედა.

მომხდარზე საუბრობს დაჭრილის მასწავლებელიც. მისი თქმით, გიორგი ბლიაძე ბულინგის მსხვერპლი იყო და ამის შესახებ სკოლამაც იცოდა: 

"რამდენჯერმე მითხრა ესეთი მდგომარეობა მაქვსო. სექტაა, გაწევრიანებასაც სთხოვდნენ დაჯგუფებაში და გიორგი ამას არასდროს არ გააკეთებდა. რეაგირება არ ხდება იმიტომ, რომ სკოლამაც კარგად იცოდა. წინა დღეს სტატუსი დადო იმ გარეწარმა მაინც მოვკლავო და რეაქცია ნული." ამბობს მასწავლებელი ჟურნალისტებთან. 

16 წლის მოზარდის დაჭრისთვის შსს-მ ასევე არასრულწლოვანი, 14 წლის პირი დააკავა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა, დაკავებულ არასრულწლოვანს  პროკურატურამ ბრალი დღეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19.109 -ე მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ.

"საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  23 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 წლის ბრალდებულმა   16 წლის არასრულწლოვანს განზრახ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19.109 -ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. 
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი