ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისია "ქართული ოცნების" მიერ მართულ მოძალადე ჯგუფს ამხელს და კრიტიკულ დასკვნაში წერს, რომ სიღნაღის სოფელ ქვემო ბოდბეში მდებარე 25-ე საარჩევნო საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების მანქანა კუნთმაგარი კაცების ჯგუფმა გაანადგურა.
ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნულ ინციდენტს უარყოფს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. თუმცა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი იხსენებს, რომ უბანთან ადამიანების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული, რომლებიც განსხვავებული აზრის მქონე ამომრჩევლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
"გარეთ იყო მობილიზებული ძალიან დიდი რაოდენობა მამაკაცების, რა თქმა უნდა, ბევრი ნაცნობი, ბევრი უცნობი და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი როცა მიდიოდა, განსაკუთრებით თუ კამერა ჩართული ჰქონდა, ან ტელეფონი ჩართული ჰქონდა იყვნენ ძალიან აგრესიულები, როგორც მამაკაცები ასევე ქალბატონები, რომლებიც გარეთ იდგნენ. მე პირადად დამემუქრნენ, რომ ტელეფონს თავზე დამამტვრევდნენ, დამამიწებდნენ და ძალიან აგრესიულები იყვნენ, მომივლიდნენ არჩევნების შემდეგ, გამანადგურებდნენ. იყო ეს მუქარები. მოქალაქე რომ მოდიოდა არჩევნებზე გადიოდა ამ ადამიანების კორიდორს," - ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ნატო უსენაშვილი.
ავტორი: ია გულიაშვილი