"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე პოზიციების შეჯერება მოხდება, რადგან "დრო ძალიან ცოტაა".
გვარამიას განცხადებით, უნდა შეიქმნას იმგვარი სივრცე და ფორმატი, რომელიც სწრაფად აღასრულებს ქართველი ხალხის ნებას.
"იმედია, რომ [მოხდება პოზიციების შეჯერება] იმიტომ, რომ დრო ძალიან ცოტაა. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები, არა უბრალოდ გადაწყვეტილებები, არამედ მკაფიო გადაწყვეტილებები, თუმცა, კვლავ ვამბობ, მზაობა ამ გადაწყვეტილებებისთვის არსებობს და პრეზიდენტმა საბოლოო ჯამში უნდა გამოიტანოს ეს გადაწყვეტილებები და ხალხს ამცნოს. ეს მისი ფუნქციაა, როგორც ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური მმართველის. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებას დღეს ჩვენ მოვისმენთ და იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნება იმგვარი სივრცე და ფორმატი, რომელიც სწრაფად აღასრულებს ქართველი ხალხის ნებას - ეს არის ახალი არჩევნები და ლეგიტიმური ხელისუფლება, ის, რასაც მივყავართ ევროპაში", - თქვა მან.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გვარამიამ თქვა, რომ ყველაზე ეფექტიანი გზა არალეგიტიმური პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნაა.
"პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ წარმოადგენს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას", - აღნიშნა გვარამიამ.