ეს სისუსტეა და "ქართული ოცნების" შიგნით ნაპრალების გაჩენას შეუწყობს ხელს - ასე აფასებს "ამერიკის ხმასთან" ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას "მაკ კეინის ინსტიტუტის" გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი ლორა თორნტონი. მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო მდივანმა მისი სანქცირება ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან ერთად, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას პირდაპირ დაუკავშირა.
"ვფიქრობ ამაში უფრო მეტი გზავნილია: რომ არ არის ხელშეუხებელი ბატონი, რომელიც სათავეშია. ის აბსოლუტურად ხელშესახები კაცია. ასევე, ამას მოჰყვება ძალიან პრაქტიკული ფინანსური შედეგები საქართველოსთვისაც, ეს კი გაცილებით უფრო ფართო იქნება, ვიდრე უშუალოდ ივანიშვილი.
იდეა ისაა, რომ თუ მათ სურთ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, ახალი არჩევნების ჩატარებაში მონაწილეობა და წინ წასვლა, ცხადია, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ამ სანქციების შესახებ ისაა, რომ ენტონი ბლინკენის განცხადება ძალიან კონკრეტული იყო იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ისჯება არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის. აი, აქ კი ყველაფერი უფრო რთულდება და ვფიქრობ, აქედან შემოტრიალება უკვე რთული იქნება. არავინ სულელდება იმით, თითქოს "ქართული ოცნება" როგორღაც დამოუკიდებელია რუსეთისგან. ეს ძალიან ნათელია, ჩვენ ვგრძნობთ ამას და ვხედავთ, რომ ის მოქმედებს, როგორც რუსეთის აქტივი.
ვფიქრობ, "ქართული ოცნება" ლამის სასაცილოც კია იმით, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და მათ რაღაცნაირად გადაარჩენს. ეს ასე უბრალოდ არ მოხდება. ბოლო დროს რესპუბლიკელების მიერ კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს თუ დააკვირდებით, ისინი საქართველოს შესახებ უფრო ხმამაღალ განცხადებებსაც კი აკეთებენ, ვიდრე - დემოკრატები. და ერთი საკითხი იმ ცოტა საკითხთაგან, რაზეც დემოკრატები და რესპუბლიკელები თანხმდებიან, არის ის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ავტოკრატიული მიმართულებით მიდის. საქართველოს მთავრობის მოლოდინები ძალიან უადგილოა." - აცხადებს ლორა თორნტონი.