"გალუმპული ახალგაზრდები ევროპის დროშებით წყლის ჭავლების წინ დგანან. ბებიები უძლებენ სიცივეს და ძალოვნების ხელკეტებს. თბილისის ქუჩებში მოცეკვავე ხალხი საქართველოსა და ევროპის დროშებში არიან გახვეული. კვირების განმავლობაში ათიათასობით ქართველი გაბედულად აწყობს დემონსტრაციას თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. ისინი გულებში ატარებენ ევროპას, პროტესტი მათი ხმაა, მაგრამ მმართველი პარტია, "ქართული ოცნების" პასუხისმგებელი პირები დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ.
2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების მკაფიო დაპირებებს უკავშირდებოდა. თუმცა, თავისი ანტიევროპული შემობრუნებით, ლგბტქ ადამიანების უფლებების შეზღუდვით, ე.წ. "გამჭვირვალობის კანონით" და მრავალი სხვა, "ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
შედეგად, ჩვენ შევამცირეთ ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები. "ქართული ოცნების" მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ჩვენ ევროკავშირშიც ახლა უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე.
"ქართული ოცნების" პასუხისმგებელ პირებს ევალებათ ხალხის ევროპული ოცნებები რეალობად აქციონ და ყველაფერი გააკეთონ ნდობის აღსადგენად და ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ქართველების უკეთესი მომავლის მისაღწევად."
- წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი და საპროტესტო აქციებიდან ფოტოებს აქვეყნებს.