ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს, აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბრისას პუტინს არ უღიარებია, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. მან მხოლოდ ბოდიში მოიხადა, რომ "ინციდენტი" რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.
"პუტინმა ბოდიში მოიხადა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო და კიდევ ერთხელ გამოუცხადა ღრმა და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულების ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. საუბრისას აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც მკაცრად ასრულებდა განრიგს, არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოს აეროპორტში. ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები ესხმოდნენ თავს და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ შეტევებს იგერიებდნენ," - ნათქვამია კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ორი თანამშრომელი გროზნოში იმყოფება, სადაც ისინი გენერალური პროკურატურის და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ.
აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა, როცა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს, ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.
ერთ-ერთი მთავარი ვერსია, რომელიც მომხდართან დაკავშირებით გავრცელდა არის ის, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ Azerbaijan Airlines-მა რუსეთის შვიდ ქალაქში შეაჩერა ფრენა