2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილი კრემლის ინტერესების გამტარებლად ცნო და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა.
შტატების გადაწყვეტილების შედეგად, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაშია - გაიყინება. ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვინც ივანიშვილთან რაიმე ტრანზაქციას განახორციელებს, დაიბლოკება და შეეზღუდება წვდომა აშშ-ის ფინანსურ რესურსებზე.
ამერიკული ფინანსური სანქციების სიმკაცრე კარგად ესმის ირაკლი რუხაძეს - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორს და ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს. ჯერ კიდევ ოქტომბერში რუხაძე ამბობდა, რომ ის არ აპირებს , რომ ლიბერთი ბანკმა რომელიმე სანქცირებულ პირთან ითანამშრომლოს.
თუ ივანიშვილი მაინც ეცდება სანქციების გვერდის ავლით პირადი ანგარიშები გამოიყენოს და დოლარზე წვდომა მოიპოვოს, ყველა ის კომპანია ან კომერციული ბანკი, ვინც ამაში დაეხმარება - სანქციების მსხვერპლი აღმოჩნდება, მათ შორის ბანკი ქართუც.
სანქციები ოლიგარქის წინააღმდეგ ინდივიდუალურია, ანუ დასანქცირდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და არა მისი ოჯახის წევრები, რომლებზეც ქონების უდიდესი ნაწილი აქვს გადაფორმებული. სანქციები არ ვრცელდება ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზეც. გამონაკლისის სახით სანქციები გაავრცელეს რუსეთთან დაკავშირებულ შესაძლო ტრანზაქციებზე და „კრედიტ სვისთან“ დავის ფინანსურ შედეგებზე.
აშშ-მა დაწესებული სანქციებით ივანიშვილს გაფრთხილება მისცა და დაუტოვა ბოლო შანსი, სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში შეზღუდვებს თავი დააღწიოს. ამით აიხსნება, რომ ოლიგარქი მაგნიტსკის სიაში არ შეიყვანეს, რადგან ამ სიიდან ამოწერა ფაქტობრივად შეუძლებელია. აშშ-მა დაიტოვა ბერკეტები, რომ თუ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს სანქციები გაუმკაცროს.
ავტორი: დავით კობიძე