შეცვლილი საგარეო პოლიტიკის გამო, რეჟიმს საჯარო სამსახურში დასაქმებულები ერთობლივი განცხადებით გაემიჯნნენ. ოლიგარქის შეშინებულმა გუნდმა კი საპასუხოდ მათი დასჯა გადაწყვიტა. საკადრო წმენდა უკვე დაიწყო კახი კალაძემ. ირკვევა, რომ მერიის სამსახურებისა და სიპების უფროსებს იბარებენ და თათბირებს უტარებენ. დავალება ასეთია, მათ უნდა გაათავისუფლონ ყველა თანამშრომელი, რომელმაც ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას მოაწერა ხელი.
იმ სამსახურების უფროსებს, რომლებმაც თბილისის მერის უკანონო დავალებების შესრულებაზე უარი თქვეს, სამსახურის დატოვება თავად მოუწიათ. ამ სიაში აღმოჩნდა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსიც. მთავარი არხის წყაროს ინფორმაციით, ვაკანტურ პოზიციაზე ოლიგარქის ერთ-ერთი მარიონეტის, მამუკა მდინარაძის ცოლის კანდიდატურა განიხილება. სამსახურის დატოვების ფაქტს „მთავარის შაბათს“ თავად მარგებაძე უდასტურებს.
სამსახურიდან გათავისუფლებაზე ოფიციალური ბრძანება ჩააბარეს თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერს, რომელიც მერიაში 7 წელი მუშაობდა. ბრძანებას ხელი საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ჯოჯუამ მოაწერა.
კალაძის მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე. ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებას ხელი თავად კალაძემ მოაწერა. არადა სოფრომაძეს უვადო ხელშეკრულება აქვს და ის მერიაში 8 წელი მუშაობდა. მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი ერთ-ერთია, რომელმაც ხელი საჯარო მოხელეების კრიტიკულ განცხადებას მოაწერა.
თბილისის მერიის გარდა, რეპრესიები ამოქმედდა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ პრობაციის სააგენტოში. თბილისსა და ქუთაისში პრობაციის სამსახურზე უარი ჯამში 15-მდე ადამიანს უთხრეს. მათ შორის ძირითადად სოციალური მუშაკები არიან.
ჩვენი რესპონდენტების მონაყოლი ცხადყოფს, რომ პრობაციის სააგენტოში სოციალური მუშაკების დეფიციტია. ქუთაისის სააგენტო კი ფაქტობრივად კადრების გარეშე დარჩა. თუ ერთადერთი მიზეზი პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, მაშინ კიდევ უფრო გაუგებარი ხდება რატომ აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება დასაქმებულების ნაწილს.
სანქცირებული ოლიგარქის გუნდმა უკვე გამოაცხადა რეპრესიები იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებმაც გაბედეს და თქვეს, რომ ემსახურებიან არა პარტიას, არამედ სამშობლოს. ახლა ამ ადამიანებს ევროპულ მომავალთან ერთად საკუთარი სიმართლის დაცვაც მოუწევთ. მათი უმრავლესობა სამართლებრივი დავისთვისაც მზად არის. სახელმწიფოს იდეის გადარჩენისთვის ბრძოლაში კი სხვა კოლეგების მხარდაჭერის იმედი აქვთ. მათი აზრით, ახლა დუმილი სხვებმაც უნდა დაარღვიონ.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე