საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, შეხვდება სხვადასხვა სეგმენტს, ჩავა რეგიონებში და გამართავს მაღალი დონის ვიზიტებს უცხოეთში.
"მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებთან - ბიზნესთან, რომელთანაც აუცილებელია, რომ მქონდეს ურთიერთობა და ერთად გავიგოთ, როგორ უნდა გადავატანინოთ ქვეყანას, რაც არის უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეიქმნა ამ მმართველი გუნდის გამო, მათი დასანქცირების გამო, მათი უგუნური ნაბიჯების გამო, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და გადავარჩინოთ ერთად.
შევხვდები საჯარო მოხელეებს, რომ მათთან ერთად გავიაზროთ მათი მდგომარეობა, ესენი იქნებიან ხვალინდელი სახელმწიფოს საყრდენი, ერთად უნდა დავდგეთ და ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავატაროთ ეს პერიოდი ისე, რომ მათი ოჯახებიც იყოს დაცული.
შევხვდები ახალ პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც არიან ქუჩაში ამდენი დღეა და გვაძლევენ მომავლის უზარმაზარ იმედის, რომლებმაც შექმნეს ახალი, თავისუფალი საზოგადოება. თქვენთანაც მექნება შეხვედრა, უნდა მოვიფიქროთ, როგორ გაძლიერდეთ იმიტომ, რომ ნამდვილად ხართ თქვენ ის თაობა, რომელიც დაიბადა თავისუფალ საქართველოში და რომელიც ხვალ იქნება თავისუფალი საქართველოს სათავეში
გავალ რეგიონებში, უნდა შევხვდე ადგილზე სხვადასხვა ქალაქებში იმ ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იქიდან იცავენ ქვეყანაში - ბათუმში, ქუთაისში, სადაც შევძლებ.
გავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან. უკვე მაქვს არაერთი შეთავაზება ოფიციალურ ვიზიტების, რომელსაც გავაგრძელებ თქვენი სახელით იმისთვის, რომ გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იყოთ წარმოდგენილი, იცოდნენ, რა გიჭირთ დღეს და რა იქნება ხვალინდელი გამარჯვება. ამ ყველაფრისთვის მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. ეს ბოლო ძალიან ახლოსაა, მაგრამ უნდა გავუძლოთ, უნდა გავაგრძელოთ", - თქვა პრეზიდენტმა.