აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, რუსეთს აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დამალვა სურდა. ამის შესახებ მან აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"რა თქმა უნდა, საბოლოო ვერსია ცნობილი გახდება შავი ყუთების გახსნის შემდეგ. მაგრამ საწყისი ვერსიებიც საკმაოდ დასაბუთებულია და ფაქტებზეა დაფუძნებული. ფაქტია, რომ აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავი გარედან დაზიანდა რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გროზნოს მახლობლად და პრაქტიკულად დაკარგა კონტროლი,"- განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, თვითმფრინავი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედებით უმართავი გახდა, რაც ლაინერზე მიყენებული პირველი ზიანი იყო. შემდეგ, მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, თვითმფრინავის კუდის ნაწილი ძლიერ დაზიანდა. ალიევის თქმით, თვითმფრინავის ფრინველთა გუნდთან შეჯახების ვერსია დღის წესრიგიდან მთლიანად მოხსნა იმ ფაქტმა, რომ თვითმფრინავის კორპუსი ნახვრეტებით იყო დაფარული.
"ერთ-ერთი, რამაც გაგვაბრაზა და გაგვაკვირვა, იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა რაღაც გაზის ბალონის აფეთქების ვერსიები წამოჭრეს. ანუ ეს ღიად აჩვენებდა, რომ რუსულ მხარეს სურდა საკითხის მიჩუმათება და ეს, რა თქმა უნდა, უპატივცემულობაა“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თვითმფრინავის ჩამოგდება ცხადია, განზრახ არ მომხდარა, მაგრამ რუსულ მხარეს თავის დროზე უნდა ეღიარებინა დანაშაული და ბოდიში მოეხადა აზერბაიჯანისთვის.
"სამწუხაროდ, პირველი სამი დღის განმავლობაში არაფერი გვსმენია რუსეთისგან, გარდა ბოდვითი ვერსიებისა," - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, რუსულ მხარეს აზერბაიჯანმა 27 დეკემბერს ოფიციალურად წარუდგინა თავისი მოთხოვნები
"პირველ რიგში, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. მეორეც, უნდა აღიარონ დანაშაული. მესამე, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და კომპენსაცია გადაუხადონ აზერბაიჯანის სახელმწიფოს, დაშავებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ეს არის ჩვენი პირობები. პირველი მათგანი გუშინ უკვე შესრულდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი პირობები მიიღება. ყველა ეს პირობა სამართლიანია. აქ არ არის საგანგებო მოთხოვნები და საკითხები, ეს ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და ადამიანის ნორმალური ქცევის პრინციპებს,"- აღნიშნა ალიევმა.
ალიევის ინტერვიუს გამოქვეყნების ფონზე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით დღეს ვლადიმირ პუტინმა და ილჰამ ალიევმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს.
აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს დილით ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი. Euronews-ისა და Reuters-ის ცნობით, რომლებიც აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერენ, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა გახდა. არსებული ინფორმაციით, რაკეტა თვითმფრინავს გროზნოს თავზე "დრონის საჰაერო მოქმედების დროს" ესროლეს. რაკეტა თვითმფრინავის მახლობლად აფეთქდა, რამაც მისი კორპუსი დააზიანა.