ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია რუსეთის აგენტობის გამო - იმის გამო, რომ ოკუპანტი ქვეყნის გავლენითა და კრემლის ინტერესების შესაბამისად, ის ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და დემოკრატიას. როგორც არ უნდა ამშვიდებდეს თავის თავს "ქართული ოცნების" პარტიული პროპაგანდა, მოცემულობა უცვლელია - ივანიშვილი მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის აღიქმება, როგორც რუსეთის გავლენის ავტოკრატი, რომელიც სისხლით ახშობს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებას.
ივანიშვილთან ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია აკრძალულია და გამოიწვევს ყველა იმ პირის დასანქცირებას, ვინც მასთან ფინანსურ გარიგებაში შევა. ამასთან პრორუსი ოლიგარქი ვეღარ მიიღებს 750 მილიონ დოლარამდე თანხას, რომელიც მისთვის Credit Suisse-ს უნდა აენაზღაურებინა. დროებით გაყინულია და ივანიშვილის ხელი აღარ მიუწვდება დასავლეთში მის საბანკო და საინვესტიციო ანგარიშებზე.
თუმცა შეერთებულმა შტატებმა თითქოს დატოვა სივრცე მოლაპარაკებისთვის - კერძოდ, ივანიშვილის კუთვნილ კომპანიებთან გარიგებაში შესვლა ნაწილობრივ დაშვებულია. მაგრამ იქვე გაფრთხილებაა, რომ ნებისმიერი ასეთი კონტაქტი ივანიშვილის კომპანიებთან შესაძლოა დამატებითი გამოძიების საგანი გახდეს და იქცეს დიდ თავსატეხად ყველასთვის, ვინც მასთან საქმეს დაიჭერს.
ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილი დიდი ხანია ემზადება ამ სანქციებისთვის და თადარიგს იჭერს, მათ შორის ოფშორების კანონიც ამას ემსახურებოდა, რომ რის გადარჩენაც შეეძლო, ის ისე გადაემალა, რომ საქართველოში გადასახადები არ გადაეხადა. მაგრამ, მოცემულობა მისთვის მაინც უმძიმესი რჩება და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შესაძლოა ეს სანქციები კიდევ უფრო დამძიმდეს. მით უმეტეს დღევანდელ ფსევდო ინაუგურაციასაც და არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებსაც ტრამპის გუნდი გამადიდებელი შუშით აკვირდება და მისი ქმედებები შესაძლოა ბაიდენზე უფრო ხისტი აღმოჩნდეს.